მრავალდონიანი თვითმმართველობა - რას გვთავაზობს ევროკავშირი

 (photo: )

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი, მრავალდონიანი მმართველობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს ითვალისწინებს. დოკუმენტმა შესაძლოა უპასუხოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევებს, რომელმაც რეგიონული მმართველობის ეფექტური მოდელი უნდა შეიმუშავოს.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტში ამ მიმართულებით არსებული ჩანაწერი ხელისუფლებას ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი ძალიან ზოგადია. ის არ გვეუბნება, როგორ უნდა მოვაწყოთ ქვეყანა ამ თვალსაზრისით, რა დონის დამოუკიდებლობა უნდა მივცეთ ადგილობრივ თვითმმართველობას. თვითმმართველობის მოწყობის მიმართულებით ევროპის ქვეყნებში ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს. ევროპის ქვეყნებში ძირითადად ორ და სამ დონიანი თვითმმართველობაა. ჩვენთვის საინტერესოა პოლონეთის გამოცდილება. პოლონეთი ამ კუთხით მოწინავეა. ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. პოლონეთში სამდონიანი თვითმმართველობაა. საქართველოსთვის პოლონეთის მისაბაძი მაგალითია“, - აცხადებს knews.ge-სთან ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.

პოლონეთზე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში მრავალდონიანი მმართველობის მოწყობის კარგ მაგალითზე საუბრობენ სხვა ექსპერტებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარე გიორგი აბულაძე განმარტავს, რომ ქვეყანამ სამ დონიანი თვითმმართველობის შექმნით სწრაფ განვითარებას მიაღწია.

,,ჩვენი ორგანიზაცია პოლონურ და ქართულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს მონაწილეობითი დემოკრატიის კიდევ ერთი, საქართველოსთვის ახალი ფორმის - სამოქალაქო ბიუჯეტის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ისეთი პროექტებისთვის, რომლებსაც მოქალაქეები მოიფიქრებენ და წარუდგენენ მუნიციპალიტეტს. ეს მექანიზმი აქტიურად გამოიყენება წარმატებულ ევროპულ დემოკრატიებში, უკვე გამოიცადა ჩვენთანაც. საჯარო ფინანასების განკარგვა უნდა მოხდეს ეფექტურად და მოქალაქეებს მიეცეთ რეალური საშუალება, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“, - აღნიშნავს knews.ge-სთან აბულაძე.

მრავალდონიანი მმართველობის შესახებ ყურადღებას ამახვილებენ სხვა ექსპერტებიც. კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის მიმართულებით ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი უნიფიცირებული სისტემა. ასოცირების ხელშეკრულებაში კი ნათქვამია, რომ მხარეები განსაკუთრებით ითანამშრომლებენ, რათა საქართველოს პრაქტიკა თავსებადობაში მოიყვანონ მრავალდონიანი მმართველობის გაძლიერებასთან.

,,ასოცირების ხელშეკრულებაში არ არის კონკრეტული პუნქტი, რომელშიც გაწერილი იქნება რამდენ დონიანი თვითმმართველობა უნდა იყოს. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არის მრავალდონიანი თვითმმართველობა გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, ლატვიისა, ესტონეთისა. არის ქვეყნები, სადაც არის მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა. საქართველოში იგეგმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო ორ დონიანი თვითმმართველობა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის მეორე დონე სად იქნება. ორ დონიანი თვითმმართველობა გულისხმობს შემდეგს: არის მუნიციპალური თვითმმართველობა ანუ დასახლებებისა და ქალაქების დონეზე, მეორე დონე ეს იქნება, მაგალითად, მთელი კახეთი თუ უფრო წვრილი ერთეულები, ამაზე არის საუბარი. მუნიციპალიტეტები ყველა ფუნქციას ვერ ასრულებენ. ის, რასაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს, ზედმეტი ტვირთია და უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომელებსაც მუნიციპალიტეტი ვერ გადაწყვეტს, ამისთვის უფრო მსხვილი ერთეულია საჭირო, მაგრამ არა ცენტრალური ხელისუფლება“, - აცხადებს kews.ge-სთან საუბრისას კოტე კანდელაკი.

,,საქართველოში ნამდვილად იყო თვითმმართველობის მოწყობის სხვადასხვა მცდელობა, რომელიც იყო ფრაგმენტული, არათანმიმდევრული, რადგან არ არსებობდა გრძელვადიანი ხედვა, დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლება ამას თანმიმდევრულად გაყვებოდა და შეაფასებდა. ვერ ვიტყვი, საქართველოში რამდენ დონიანი თვითმმართველობა უნდა იყოს. ევროპულ კვლევებში არსად არ არის ნათქვამი, რომ თვითმმართველობის მოწყობის ეს მოდელია საუკეთესო გზა“, - ამბობს knews.ge-სთან საუბრისას რეგიონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლიზი სოფრომაძე.

 წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“