რას შეცვლის ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი სტრატეგია

 (photo: )

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია წარადგინა. 

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ახალი ხედვა სამ ძირითად მიმართულებას: თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაფართოვებას, მეტი ეფექტიანობისთვის ფინანსური რესურსის მიცემას და გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტების დანერგვას მოიცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიდ გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რომელიც ხალხს აიძულებს, დატოვონ სოფელი და წავიდნენ სხვაგან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგული გეგმის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. 
,,თუ თვითმმართველობას არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ უფლებამოსილებები განახორციელოს, მოემსახუროს ამომრჩევლებს, ვერც ერთი ინსტიტუციური მოდელი ვერ დაგეხმარება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და მატერიალური რესურსების გადანაწილებას უნდა მიექცეს. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანური რესურსის გაძლიერება’’,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში უპირეველეს ყოვლისა რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელსაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილება და მათი მუშაობა იყოს გამჭვირვალე, ამ პროცესში კი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
დავით მელუა ფიქრობს, რომ თვითმმართველობის დამოუკიდებლობისთვის ფინანსური დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია, თუმცა გადამწყვეტი არ არის. 
,,პირველი და უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელიც მოვისმინე ის იყო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ძალაუფლება ექნებათ და თუ ასე მოხდა, საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების კუთხით სერიოზულ გარღვევას მივიღებთ, რადგან თვითმმართველობა სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. ადრე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ასე ფორმულირებულ განცხადებას ვერ ვიხსენებ და ის განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა, მისასალმებელია. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ დისკუსია პარლამენტის დონეზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მელუამ.
ექსპერტები მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა წინასწარ პროგნოზირება უჭირთ, რეალურად შეუწყობს თუ არა ხელს ახალი სტრატეგია ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას. 
ექსპერტის, კოტე კანდელაკის აზრით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით ახალი სტრატეგია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი გამოძახილია. მისი შეფასებით, ახალი ინიციატივა დამუშავების პროცესშია, ამ ეტაპზე არ არის გაწერილი სამოქმედო გეგმა, რის გამოც მის ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია. 
,,ეს ერთ-ერთი გამოძახილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების. იქ არის გაწერილი ვალდებულების შესრულება, მაგრამ ვადები არ არის მითითებული. გარდა ამისა, ეს საზოგადოების მოთხოვნაა და მთავრობას თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის პირობაც ჰქონდა დადებული ხელისუფლებაში მოსვლისას. შარშან უნდა ყოფილიყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და დროში გაიწელა. ახლანდელ ხედვაში მხოლოდ სამი პრინციპი იყო წარმოდგენილი და ქაღალდზე ჯერ-ჯერობით არაფერია დაწერილი, რომ დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხებზე. როგორც ვიცით სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით ზაფხულში იქნება წარმოდგენილი. დრო გვაჩვენებს, რა იქნება. მე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ვფიქრობ უფრო ფართო ნაბიჯებით უნდა ვიაროთ. ეს კი არის იმის დასტური, რომ პოლიტიკური ნება არსებობს’’,- განუცხადა knews.ge- ს კოტე კანდელაკმა. 

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

 

 


ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“