ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რეგიონების გაძლიერებისთვის

 (photo: )

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს, ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები იკისრა. 

დოკუმენტის 21-ე თავი ითვალისწინებს ღარიბი რაიონების განვითარებას, თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირებასა და პროცესების მართვისას დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას. ექსპერტები ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში მრავალდონიან მმართველობის გარდა, ყურადღება გამახვილებულია ღარიბი რაიონების განვითარებასა და რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებზე.
,,რეგიონული თანამშრომლობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, რეგიონები ახორციელებენ სხვადასხვა სახის საერთო პროექტს, ეს არის სწორედ ის გამოცდილება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის სტანდარტების შემუშავებაც უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირში ფუნქციონირებს გათანაბრების ფონდი, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს შედარებით ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს და დაეხმაროს გაძლიერებაში. გათანაბრების ფონდთან რომ გვქონდეს წვდომა, უნდა ვიყოთ წევრობის კანდიდატი ქვეყანა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს სერვისი ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის“, - აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს’’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგისა და სარგებლის მიღებაზე საუბარი ნაადრევია.
„დიდი სარგებლის მიღებას საშუალო ვადიანი პერსპექტივა ჭირდება. გარკვეული შედეგები რომ მივიღოთ, ამისთვისაც დროა საჭირო. მაგალითად, თუ შევხედავთ ვაჭრობის პოტენციალს, მართალია, მზარდია, თუმცა მცირე პროცენტით. თითქმის იგივე პროდუქცია გადის საქართველოდან რაც ადრე. ეს ჩანაწერი უწყობს ხელს, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია და იქნება შესაძლებელი, რომ ვაჭრობის კუთხით შევძლოთ უფრო მეტი პროდუქციის გატანა“, - ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ჩხიკვაძე.
ექსპერტი კოტე კანდელაკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ზოგადია და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, თუმცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სამართლებრივად სავალდებულოა. 
,,ჩანაწერი ზოგადია, სავალდებულო ნორმათ არ არის რეგიონიზაცია გაწერილი ამ მუხლში. უფრო სარეკომენდაციო ხასიათი აქვს ამ ჩანაწერს, მაგრამ, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა რეგიონებში ეკონომიკის განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. ამ ყველაფერზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. რეგიონებს შორის უნდა აღმოიფხვრას უთანასწორობის პრინციპი. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ მიიღოს უკეთესი საჯარო სერვისები“, - ამბობს კოტე კანდელაკი. 
ხელშეკრულების მიხედვით, თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართვა აუცილებელი პირობაა. მოქალაქეების უმრავლესობა კი საკრებულოს სხდომების თარიღისა და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 
,,არც სხდომაზე დასწრება შეცვლის რამეს და არც მერიისთვის მიმართვა, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. არავის აზრს არ ითვალისწინებენ. თვითმმართველობაში ჩართულობა შედეგს არ მოიტანს“, - აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის მკვიდრი, ნათელა თულიანი.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საშუალოვადიანი სტრატეგიის დეტალური გაწერა, რომელიც ამჟამად ინიციატივის დონეზეა, თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“