რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის რა მექანიზმები არსებობს?

 (photo: )

რეგიონებს შორის უთანაბრობა არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი ევროპული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 

რეგიონების თანაბარი განვითარება გათვალისწინებულია საქართველო-ავროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირში მოქმედებს გამოთანაბრების პრინციპი. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ აღმოიფხვრას შეუსაბამობა ქვეყნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულსა და რეგიონს შორის. 
„ევროკავშირში არის ე.წ. „გამოთანაბრების ფონდი“. ეს ეხმარება ევროკავშირის სხვადასხვა რეგიონს, რომ განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი, მათ შორის ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტებიც. რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ს თავს, აქ არ არსებობს ევროპული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა განვითარდეთ, ერთგვარი საგზაო რუკა, რომელსაც გავყვებით და მივალთ საბოლოო მიზნამდე. ერთიანი ევროპული სტანდარტი რეგიონების გათანაბრების მიმართულებით არ არსებობს. ჩემი აზრით, საქართველოს ღარიბი რეგიონების გათანაბრების მიზნით მნიშვნელოვანია ინფრასტრუტურის მიმართულებით მუშაობა. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება უმუშევრობის დაძლევას, ადგილზე შესაძლებლობების გაჩენას, რათა მათ შეძლონ თვითრეალიზაცია და არ იყოს აუცილებელი, ყველა დედაქალაქში იყოს თავმოყრილი. რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის კარგი მაგალითია პოლონეთი, სადაც რეგიონებს აქვთ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ადგილზე წყვეტენ ბიუჯეტში რა პრიორიტეტები უნდა იყოს, თანხა რა მიმართულბებით უნდა დაიხარჯოს. პლონეთში რეგიონებს შორის განვითარების მხრივ არსებობს განსხვავება, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მათ წვდომა აქვთ გამოთანაბრების ფონდთან“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე. 
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი მიუთითებს, რომ გამოთანაბრების ფონდში არის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც რეგიონები იღებენ დაფინანსებას. 
„გამოთანაბრების ფონდში განსაზღვრულია სტანდარტი, რა შემთხვევაში იღებს რეგიონი დაფინანსებას. თუ რეგიონი არის ამ სტანდარტის ქვევით, მაშინ მას დაფინანსების დიდი შანსი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ნაკლებია შანსია, რომ რეგიონმა დაფინანსება მიიღოს. ეს კრიტერიუმებია დასაქმება, მთლიანი შიდა პროდუქტი და ა.შ. საქართველო რომ ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, კონკრეტულ რეგიონს - კახეთს, აჭარას, იმერეთს, სვანეთს და სხვას შეეძლებოდა მეოზიდა თანხა გამოთამაბრების ფონდიდან“, - განუცხადა knews.ge-ს ვანო ჩხიკვაძემ.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი კი ამბობს, რომ რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია თანაბარი მთლიანი შიდა პროდუქტი. 
„ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრა და სიღარიბის დაძლევა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია თანაბარი მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონებში. დღესდღეობით მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტი თბილისზე მოდის. საქართველოში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის 50% ძალიან დიდი ციფრია. აქედან გამომდინარე თუ გადავხედავთ სხვადასხვა რეგიონს, რამდენიმე მათგანში არაფერი არ იქმნება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკის სფერო. ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ადგილებზე“, - ამბობს კოტე კანდელაკი. 
ბევრ ქვეყანაში შექმნილია სპეციალური სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა დონის ადმინისტრაციული მმართველობითი ორგანოდან იღებს ფინანსურ სახსრებს და ტრანსფერის სახით და მოთხოვნის შესაბამისად, ანაწილებს მას სხვადასხვა ადგილობრივ ორგანოში. ბევრ ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლება (ცენტრალური ან სახელმწიფო ბიუჯეტი) გამოყოფს გრანტებს ადგილობრივი ორგანოებისთვის. პირველი მეთოდი ძირითადად გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც რეგიონებს შორის შეუსაბამობა უმნიშვნელოა. მეორე მიდგომა დამახასიათებელია იმ ქვეყნებისთვის, სადაც რეგიონებს შორის ფინანსური და ეკონომიკური სხვაობა დიდია. მაგალითად, ისლანდიაში მოქმედებს მუნიციპალური გამოთანაბრების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებზე როგორც ერთჯერადი, მიზნობრივი, ასევე სპეციალური გრანტების გაცემას (ძირითადად იმ რეგიონებზე სადაც შედარებით დაბალია შემოსავლების დონე). 80-იანი წლების დასაწყისში ნორვეგიაში შემოიღეს მიზნობრივი გრანტების სისტემა, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული 50-მდე სპეციალური გრანტი. შვედეთში 1996 წელს ამოქმედდა გამოთანაბრების სისტემა მუნიციპალიტეტებისთვის და ოლქებისთვის. შედეგად, მუნიციპალიტეტების და ოლქების შემოსავლები გათანაბრდა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან. მას შემდეგ, რაც სპეციალური გრანტები შეცვალა ძირითადმა გრანტებმა, მნიშვნელოვნად შემცირდა ცენტრის კონტროლი მუნიციპალიტეტებზე.
ფისკალური დეცენტრალიზაციის ხარისხით გამორჩეული ქვეყანაა კანადა, სადაც პროვინციებს დიდი საგადასახადო და ხარჯვითი ავტონომია გააჩნიათ და ადგილობრივი ორგანოების საქმიანობაში ფედერალური მთავრობის ჩარევა მინიმალურია. ფინანსური ურთიერთობები დარეგულრებულია ფედერალურ-ადგილობრივი ფისკალური მოწყობის აქტით. პროვინციებზე მიცემულ ტრანსფერებს განსხვავებული ფორმები აქვთ. 1867 წელს მიღებულ კონსტიტუციაში მოცემულია დებულება გამოთანაბრების, როგორც უმთავრესი ტრანსფერის შესახებ.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“