რას ითვალისწინებს პარლამენტის 2018-2020 წლების თვითმმართველობის სამოქმედო გეგმა?

 (photo: Administrator)

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბობს, რომ სამოქმედო გეგმამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრებას
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდა, რეგიონებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, საქმიანობის გაჭვირვალობა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი ხარისხის მიღწევა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ. ეს პრინციპები გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში“, - აღნიშნავს გაბუნია.
ამ დრომდე არ არის დამტკიცებული 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისათვის. ექსპერტები მიუთითებენ, რომ სამოქმედო გეგმის ეფექტურობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 
,,გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარების სტრატეგიის მთავრობის მიერ განხილვა და დამტკიცება, მეორე მთავარი მიმართულება რაც ასევე სასწრაფოდ არის გასათვალისწინებელი, ეს გახლავთ საჯარო მოხელეების გადამზადება. რეგიონებში უნდა გვყვავდეს კვალიფიციური კადრები, რათა საჭირო და მათზე მორგებული სერვისები შესთავაზონ მოქალაქეებს. თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს საკუთარი სტაბილური შემოსავლები, ცენტრალური ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში უნდა იყოს დამხმარე კონსულტაციების დონეზე და რაც მთავარია თვითმმართველი ერთეულები არ უნდა იყვნენ დაქვემდებარების ქვეშ. 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი შედეგი უნდა იყოს თვითმმართველობების მაქსიმალური დამოუკიდებლობა“, - აცხადებს Knews.ge-სთან კოტე კანდელაკი.
კანდელაკის შეფასებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების გამოძახილია, რომელიც ითვალისწინებს რეგიონულ განვითარებასა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას. 
,,სამომავლოდ, ხელი უნდა შეეწყოს ადგილობრივი ადმინისტრაციების და სხვა რეგიონალური განვითარების მექანიზმების მრავალშრიანი მმართველობისა და შესაძლებლობათა განვითარების გასაძლიერებლად“, - ამბობს კანდელაკი.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Knews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის რეფორმა კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.
,,თვითმმართველობის უფლებამოსილებები არის შეზღუდული. მათი რესურსები და ამოცანა უნდა იყოს ამ უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებითი გაფართოება. ჩვენ გვინდა, რომ ეს გაკეთდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში. წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის ერთიანი დოკუმენტი დამტკიცდება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება და მათი რესურსების, ფინანსური, ქონებრივი და სხვა რესურსების გაძლიერება. თვითმმართველობა უნდა აღიჭურვოს მეტი კომპეტენციითა და ადამიანური რესურსი უნდა გადამზადდეს. ცვლილებების გარეშე რეფორმის განხორციელება ვერ მოხდება. საშუალო ვადიან პერსპექტივაში განვითარება ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველი ბიუჯეტები 3-4 ჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი რეფორმა, რომლის განხორციელებაც უკვე დაანონსდა, ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 
„ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ჩვენი რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს ევროპულ დონეზე. მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა დაფინანსდეს, რა არის პრიორიტეტი რეგიონებში, მიიღებენ ადგილობრივ დონეებზე. ამას, პარალელურად, სჭირდება ადამიანური პოტენციალის განვითარება, რომელსაც მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“