მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში

 (photo: )

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

ექსპრტები ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებულ როლზე საუბრობენ. თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ადგილობრივი თემების ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით საჭიროა მუნიციაპლიტეტს ჰქონდეს გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი, ვიდრე დღეს აქვს. დავით მელუა, ასევე, მიუთითებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც ადგილობრივი განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. 
„ადგილობრივი ეკონომიკურ განვითარებას რომ მნიშვნელოვნად შეეწყოს ხელი, საჭიროა ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდეს სოლიდური ფინანსური რესურსი. თვითმმართველობებს მწირი საბიუჯეტო სახსრები აქვთ და ამ რესურსების პირობებში ძალიან რთულია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას შეეწყოს ხელი. აუცილებელია სახელმწიფო მეტი ფინანსური რესურსო გამოყოს თვითმმართველობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტი 2,7%-ზე მეტი უნდა იყოს. თვითმმართველობების ბიუჯეტის წილი არ უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ზე ნაკლები. თუ საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტები იღებენ 1 მილიარდ ლარს, ამ შემთხვევაში მიიღებენ 4 მილიარდს. ეს თანხა შეიძლება იყოს გამოყენებული ადგილობრივი განვითარებისთვის. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტმა თავისი ბიუჯეტი რომ დახარჯოს ეკონომიკურ განვითარებაზე, მაშინ თანამშრომლებზე ხელფასები აღარ უნდა გასცეს“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას დავით მელუა. 
კახეთის მუნიციპალიტეტების მერები ცოტა ხნის წინ შეურთდნენ ევროკავშირის პროექტს „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. პროექტის მთავარი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოში პროექტის კოორდინატორი ზვიად არჩვაძე აღნიშნავს, რომ მერები ვალდებულები არიან, 12 თვის განმავლობაში მოამზადონ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ სამ მიმართულებას. 
„სამოქმედო გეგმამ უნდა დაფაროს მინიმუმ სამი სფერო. ეს არის ადმინისტრაციული გარემო, რომელიც უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტში ბიზნესის ხელშესაწყობად, ერთ ადგილას ბიზნესმენმა უნდა შეძლოს სხვადასხვა სერვისისა და ინფორმაციის მიღება. ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომა, რომელშიც იგულისხმება ბიზნესმენების დახმარება, მათ შეძლონ ფინანსების მოძიება. სამოქმედო გეგმა შეიძლება მოიცავდეს სამუშაო ძალის განვითარებას, რომ ისინი იყვნენ ადეკვატურები იმ მოთხოვნებთან, რაც ბიზნესს გააჩნია. გეგმაში ასევე შესაძლოა ყურადღება იყოს გამახვილებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენებასა და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას არჩვაძე. 
თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით პროექტის მნიშვნელობაზე მიუთითებს, თუმცა ამბობს, რომ ის მუნიციპალიტეტებში ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. 
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მნიშვნელოვანია პროექტია და მიზნად მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს, თუმცა სერიოზულ გარდატეხას ვერ მოახდენს. თითოეული გრანტის ოდენობა დაახლოებით 600 000 ევროს შეადგენს“, - ამბობს დავით მელუა. 
აღნიშნულ პროექტში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტია ჩართული, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ მათგან ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა არ დაუწყია. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებას ახლო მომავალში დაიწყებენ. როსტომ სესიაშვილი ამბობს, რომ გეგმის ძირითადი მიმართულებები იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. 
„ყვარელის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია ეკონომიკური ძრდა. მუნიციპალიტეტში ძირითადი მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მცირე და საშუალო მარნეობის განვითარება. ვფუიქრობთ, რომ მათი ხელშეწყობის მიმართულებით გვქნება ინიციატივები, რათა დავეხმაროთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესმენებს, რათა უფრო სწრაფად განვითარდნენ“, - განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“