როგორ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა

 (photo: )

ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი თვითმმართველობების განვითარებას და გაძლიერებას მოიცავს.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ფინანსური რესურსების და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის გარეშე განვითარება, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დანერგვა შეუძლებელია. 
ექსპერტები ბიუჯეტრების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობას ქმედითი ღონისძიებების განხორციელებისკენ და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. 
ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობასთან ერთად უნდა განსაზღვროს. კონდელაკი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაგეგმვისა და დამუშავების პროცესში საზოგადოება არა ერთჯერადად, არამედ პერმანენტულად უნდა იყოს ჩართული.
„აქტიურობა და ჩართვა უნდა დაიწყოს საწყისი ეტაპიდან ბიუჯეტის პრიოროტეტების შერჩევით. ადგილობრივი თვითმმარველობების ბიუჯეტი ძალიან მწირია და ინტერესთა ყველა ჯგუფს ვერ დააკმაყოფილებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოსახლეობა იყოს ჩართული და თავად განსაზღვრონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტები, მიიღონ თანხების განაწილებაში მონაწილეობა“, - განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ ახალგაზრდა მესამე სექტორში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროექტს განახორციელებენ. საიას რეგიონული ოფისების კოორდინატორი მზია გოჩელაშვილი განმარტავს, რომ პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ დაგეგმილია ქვეგრანტების გაცემა ადგილზე რიგი საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც დაეფუძნება კვლევებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში ჩატარდება.
,,პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, შშმ პირები, ეკომიგრანტები, იძულებით გადაადგილებული პირები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები, ქალები, დასაქმებულები მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა. პროექტის ფარგლებში 5 მუნიციპალიტეტს გაეწევა დახმარება და კონსულტაციები განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით. შემუშავდება ასევე სახელმძღვანელოები მუნიციპალიტეტების მიერ მდგრადი ბიუჯეტის შედგენის შესახებ. გვინდა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ადგილობრივ ბიუჯეტში აისახოს მოსახლეობის საჭიროებები და რეალურად დავეხმაროთ ადგილობრივებს სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოების გააქტიურებაზე’’,- განუცხადა knews.ge-ს მზია გოჩელაშვილმა.
საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ზაზა გაბუანიას თქმით, ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება აუცილებელია.
,,აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით და სხვა. აღნიშნული პროექტი თვითმმართველობების ბიუჯეტში ამ კომპონენტების გათვალისწინებაზე მუშაობასაც უკავშირდება'',- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
ადგილობრივების განმარტებით, საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიეწოდებათ. მათი თქმით, ამ მიმართულებით ინფორმაციულ ვააკუმში განსაკუთრებით არიან სოფლების მაცხოვრებლები. 
,,არც ვიცით, როდის მიმდინარეობს ბიუჯეტის დამუშავება, როგორ დგება პრიორიტეტები, როგორ ნაწილდება ფინანსები. ამაზე ინფორმაციას არავინ გვაწვდის. წელიწადში ერთხელ გვაცნობენ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც უკვე გაწერილია და ჩვენ მიერ დასახელებული პრობლემების უმეტესობას არ ითვალისწინებენ. ხელისუფლება არ უსმენს და არ თანამშრომლობს ხალხთან, უნდობლობაა საზოგადოების მხრიდანაც, რადგან ყველა ფიქრობს, რომ მის აქტიურობას აზრი არ აქვს და შედეგს არ გამოიღებს. ხელისუფლებამ უნდა დაგვანახოს, რომ ჩვენი აზრი აინტერესებს და მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ შესაძლებელია ბევრი მოქალაქე გააქტიურდეს და ჩაერთოს მართვაში’’,- განუცხადა knews.ge-ს თელაველმა ლამარა აივაზაშვილმა.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

 



ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“