თვითმმართველობა მოქალაქეთა პეტიციების და ინიციატივების გარეშე

 (photo: )

ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი უარყოფითად აისახება რეგიონის, მუნიციპალიტეტისა და თემის განვითარებაზე. კიდევ უფრო მცირეა და თითქმის არ არსებობს მოსახლეობის მხრიდან ინიციატივითა და პეტიციით თვითმმართველობისთვის მიმართვის შემთხვევები.

ადგილობრივი თვითმმართველობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდას ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი ითვალისწინებს. ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებაზე კი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებამ აქტიურად უნდა იმუშაოს. 
თვითმმართველობის ექსპერტი კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ სამოქალაქო იინციატივას ადგილობრივი განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს. კანდელაკი თემში კონკრეტული საკითხის მოგვარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორად ერთობლივი ინიციატივის ან პეტიციის შემუშავებს მიიჩნევს. ექსპერტის განმარტებით, ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს თვითმმართველ ორგანოს ინიციატივით, თუმცა ეს რეალური შედეგის მისაღწევად ნაკლებად ეფექტური გზაა.
,,მრჩეველთა საბჭოს ან თემატური საინიციატივო ჯგუფების გამართულად მუშაობა აუცილებელია იმისთვის, რომ ინიციატივები შეგროვდეს, რის შემდეგაც წარედგინება თვითმმართველობას. უნდა ჩამოყალიბდეს ინტერესთა ჯგუფები. თელავის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 23 სოფელი, ყველას საკუთარი ინტერესი აქვს და მწირი ბიუჯეტის პირობებში ძალიან რთულია ყველა სოფლის ინტერესი დაკმაყოფილდეს. თუ ორმხრივი თანამშრომლობა იქნება, ინიციატივებს ექნება შედეგი, მოსახლეობა გააქტიურდება და ინფორმირებული იქნება, როგორ იხარჯება ბიუჯეტი’’,- ამბობს კანდელაკი. 
თელავის თვითმმართველ ორგანოში მოქალაქეთა პასიურობაზე მიუთითებენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორი ტერიტორიული ერთეულის შერწყმის შემდეგ დღემდე ინიციატივით მათთვის არავის მიუმართავს.
მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო აფციაური Knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა გააქტიურების მიზნით მიმდინარეობს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების პროცესი. მისივე ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში.
,,ორი თვითმმართველი ერთეულის ფუნქციონირების დროსაც საიტზე ვაცხადებდით კონკურსს და დაინტერესებული საზოგადოება რეგისტრირდებოდა, რომ შემდეგ ინიციატივები წარედგინა თვითმმართველობისთვის. გასულ წლებში მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევები გვქონდა. მაგალითად, სოფელ ვარდისუბანში სამკაციანი ჯგუფები ატარებდნენ სოფლის კრებებს, ხვდებოდნენ მოსახლეობას. ჩვენ ვაგვარებდით საორგანიზაციო საკითხებს, ფართის და აპარატურის საკითხებს. შეხვედრებზე პრიორიტეტებს განსაზღვრავდნენ, ამუშავებდნენ და შემდეგ წერილობით ჩვენ მოგვმართავდნენ. ჩვენ განვიხილავდით აღნიშნულ ინიციატივებს და მისი ბიუჯეტში გათვალისწინების შესაძლებლობებს’’, - აღნიშნავს აფციაური.
მოქალაქეებს ინიციატივით ან პეტიციით არ მიუმართავთ არც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის. წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსი ტარიელ გალახვარიძე ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ უფლებებზე, თემის აქტიურობაზე, პეტიციის შემუშავების მნიშვნელობაზე ინფორმირებული არ არის. 
,,თვითმმართველობის კოდექსით არის გათვალისწინებული და გაწერილი პეტიციის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. მოქალაქემ, რომელსაც სურს პეტიციის შემოტანა, შეიძლება არ ჩაიხედოს კოდექსში და წესების მიხედვით არ მოიტანოს საკრებულოში. შეიძლება ყველაზე მარტივი გზა მონახოს და მიმართოს მერის წარმომადგენელს ან მერიაში შეიტანოს განცხადება. პეტიციას უნდა ჰქონდეს ნორმატიული აქტის ან განკარგულების სახე, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რა მოთხოვნა აქვთ, რამდენია ხელმომწერების რაოდენობა და სხვა. არც გასულ წელს და არც წელს ჩვენთვის პეტიციით არავის მოუმართავს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ტარიელ გალახვარიძემ.
ადგილობრივების თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ შესაძლებლობებზე ინფორმაცია არ აქვთ. მათ არ იციან, როგორ შეიმუშაონ პეტიცია, რომელსაც შემდეგ თვითმმართველ ერთეულს წარუდგენენ. თელავში მცხოვრები გიორგი მერაბიშვილი მოქალაქეების აქტიურობას აზრს ვერ ხედავს, რადგან ფირქობს, რომ მოსახლეობის აზრს გადაწყვეტილების მიმღები პირები არ გაითვალისწინებენ. 
,,არათუ ინიციატივა და პეტიცია, ისედაც არ მიმიმართავს თვითმმართველობისთვის. ვთვლი, რომ არაფერი შეიცვლება, აზრი არაფერს აქვს. ხალხს ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, არავის აინტერესებს პეტიცია. ჩვენ არ ვიცით რისი უფლება გვაქვს", - ამბობს Knews.ge-სთან თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიორგი მერაბიშვილი.
ექსპერტების მოსაზრებით, მოსახლეობას მსგავს საკითხებზე ადვოკატირება თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა გაუწიონ.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.

 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“