რა პრობლემებს ქმნის კახეთში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა?

 (photo: )

კახეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უპირისპირდება. 

მათი განმარტებით, დენის არაგეგმიური ხშირი გათიშვის გამო პრობლემები ექმნებათ, რომელიც ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლასა და ტექნიკის დაზიანებაში გამოიხატება. ადგილობრივები კომპანიას მომსახურების გაუმჯობესებას და მთავრობას საკითხით დაინტერესებას სთხოვენ. 
"ენერგო-პროჯორჯიას" აბონენტები ამბობენ, რომ ელექტროენერგია არაგეგმიურად კვირაში რამდენჯერმე ითიშება. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას და კომპანიას მომსახურების გაუმჯობესებას სთხოვენ.
,,ბოლო დროს ძალიან ხშირად ითიშება დენი. ხან 2-3 საათით, ხან კი მთელი დღით. სულ ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქრება, მაგრამ მე ამ ვერსიის არ მჯერა. როგორ შეიძლება კომპამიამ ერთი სამუშაო თვეების განმავლობაში ვერ შეასრულოს. ყველაფერში ხელი გვეშლება. დენის ცვალებადობის გამო კი ხალხს ტექნიკა ეწვება. ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანელმა ლევან ბეგაშვილმა.
ენერგომომარაგების ხშირად შეწყვეტასა და დენის ძაბვის ცვალებადობაზე საუბრობენ კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა წლებია რაც გადაუჭრელია. 
,,ელექტროენერგიის ძაბვის ცვალებადობა დიდი ხანია გვაწუხებს. ხან დაბალი ძაბვაა და ხან ისეთი მაღალი ტექნიკას წვავს. ამ ყველაფერს კი დენის ხშირი გათიშვა დაემატა. რამდენჯერაც ცხელ ხაზზე დავრეკეთ, გვეუბნებიან მიმდინარე სამუშაოების გამო ითიშებაო. გვაინტერესებს, როდის დასრულდება ეგ სამუშაოები, რომ მშვიდად ვიყოთ’’,- განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა ლიანა თაველიძემ. 
აღნიშნულ პრობლემაზე პროტესტს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. კახეთში მოქმედი საოჯახო სასტუმრო „მიმინოს“ დამფუძნებელი მაკა კაცვლიშვილი მიუთითებს, რომ დენის ხშირი გათიშვის გამო პრობლემებს აწყდება, რადგან ადგილზე მისულ ტურისტს სათანადო მომსახურებას ვერ უწევს.
„როცა დენი არ არის, წყალიც ავტომატურად მეთიშება და ვრჩები ყველაზე აუცილებელი პირობების გარეშე. ამის გამო ადგილზე მოსული ტურისტი გამოხატავს უკამყოფილებას. ამან შესაძლოა ვიზიტორთა რაოდენობაზეც მოახდინოს გავლენა’’,- აცხადებს მაკა ნაცვლიშვილი.
ელექტროენერგიის ყოველდღიურად გათიშვას უარყოფენ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, ავთო დვალიშვილი აცხადებს, რომ ენერგო პრო ჯორჯიამ ერთი წლის წინ დაიწყო კახეთის რეგიონის ენერგომომარაგება და დახვდა ტექნიკურად მძიმე ვითარება.
„პირველი ნახევარი წელი მარტო საქმის გადაბარებას დასჭირდა. ახლა დავიწყეთ ტექნიკური სამუშაოები, ძველი ბოძების ჩანაცვლება, ქსელების გამოცვლა და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს. დენი უფრო ავარიის პერიოდში ითიშება, რაც ხშირად არ ხდება. ვცდილობთ ელექტროენერგიის მიმართულებით განვაახლოთ მთელი კახეთი, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია მოსახლეობის პოზიცია“,- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბრისას დვალიშვილი.
,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკონ (032 2471707) და პრობლემის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია და მისი მოგვარება მოითხოვონ. 
კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის შემთხევაში შეუძლიათ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რაიონულ ცენტრებს მიმართონ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“