ეხმარებიან თუ არა კახეთის თვითმმართველობები აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს?

 (photo: )

გიორგი ანწუხელიძე, ბესიკ მამიაური, ზურაბ ბალაშვილი, გოგა აბრამიშვილი, გელა მებაღიშვილი, ზურაბ ტურაშვილი, დავით ელიზაბარაშვილი, ილია შავერდაშვილი, გიორგი კირაკოზაშვილი, რევაზ მამისაშვილი - ეს კახეთის რეგიონიდან იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს გარდაიცვალნენ. 

10 წლის წინ განხორციელებული რუსული ინტევენციის შედეგად კახეთიდან სულ 21 ადამიანი აღესრულა. ყვარლის მუნიციპალიტეტი ერთადერთია თვითმმართველი ერთეული, რომლის ბიუჯეტიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის ფულადი დახმარება არ არის გათვალისწინებული. ყვარლის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი სოფო ავაზაშვილი ამბობს, რომ ომში გარდაცვლილთა ოჯახებს ერთჯერადი დახმარება 2017 წლიდან აღარ ეძლევათ. 
აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახებისთვის ფულადი დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ არის გათვალისწინებული. 2012 წლიდან 2016 წლამდე 1000 ლარს ვაძლევდით ხოლმე. ისინი ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ ყოველთვიურ დახმარებას და რომ არ იყოს გადაფარვა, ამიტომ გადავწყვიტეთ აღარ მივცეთ ფულადი დახმარება. სოციალური პროგრამები, ეს იქნება ოპერაციის თუ მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება, მათზე პრიორიტეტულად ვრცელდება. ვერ გეტყვით რა თანხა დაიხარჯა მათთვის მაგალითად ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეთ და გიპასუხებთ. აგვისტოს ომში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან დაიღუპა გელა მებაღიშვილი, ზურაბ ტურაშვილი, დავით ელიზაბარაშვილი და ილია შავერდაშვილი“, - აღნიშნავს ყვარლის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი სოფო ავაზაშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა 8 ოჯახისთვის ერთჯერადი დახმარების სახით ყოველწლიურად 250 ლარია გათვალისწინებული. ახმეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნათელა ექვთიმიშვილი მიუთითებს, რომ ომში გარდაცვლილთა ოჯახები სხვადასხვა სოციალური პროგრამითაც სარგებლობენ. 
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მათ შორის აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახებისთვის ყოველი წლის 26 მაისს ერთჯერადად 250 ლარი გვაქვს გათვალისწინებული. როგორც ვიცი, ეს დახმარება 2008 წლიდან არის განსაზღვრული. ახმეტის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპულთა 8 ოჯახია. გარდა ამისა, ოჯახებს სხვა მხრივაც ვეხმარებით. თუ მთ სჭირდებათ სამედიცინო გამოკვლევები ან მკურნალობა, ამ მხრივაც ვუწევთ დახმარებას. ვერ გეტყვით რა თანხაა მაგალითად 2012 წლიდან დღემდე დახარჯული. ამას ცალკე დათვლა ჭირდება და საკამოდ ბევრი ინფორმაციაა დასამუშავებელი“, - ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ახმეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნათელა ექვთიმიშვილი.
ყოველწლიურად ერთჯერადად 500 ლარია გათვალისწიებული გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და საგარეჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ადგილობრივ თვითმმართველობებში აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ცხოვროენ, ფულადი კომპენსაციის გარდა, სხვა სახის დახმარებით არ სარგებლობენ. 
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომის დროს არავინ არ გარდაცვლილა. ერთადერთი შმაგი ნოძაზე არის უგზოუკვლოდ დაკარგული და ყოველწლიურად 8 აგვისტოს 2010 წლიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერიცხება 500 ლარი. სხვა პროგრამები ამ ოჯახზე არ ვრცელდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება 1000 ლარი. სახელმწიფომ ამ ოჯახს ორ ოთახიანი ბინა მისცა თბილისში“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ლაგოდეხის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ხარაშვილი. 
„ადგილობრივი ბიუჯეტიდან აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახებისთვის გვაქვს გათვალისწინებული 500 ლარი. ორ ოჯახს ეს თანხა ერიცხება ყოველი წლის 8 აგვისტოს. თუ ოჯახი სოციალურად დაუცველი ან მარჩენალდაკარგული არ არის, მაშინ ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის სხვა სახის დახმარება ბიუჯეტიდან არ არის გათვალისწინებული“, - აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას გურჯაანის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი სოფო ქუმსიაშვილი. 
„აგვისტოს ომში სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან ექიმი გოგა აბრამიშვილი გარდაიცვალა. წინა წლებში აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახს ფულადი დახმარება არ ჰქონდა. წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შევიტანეთ ცვლილება და 500 ლარი ჩაერიცხა ერთჯერადად. მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ ეს თანხა 1000 ლარამდე გავზარდოთ. ეს ოჯახი ასევე არ სარგებლობდა სხვა პროგრამებით. სიღნაღშ ამჟამად გოგას დედა ცხოვრობს, რომელიც მოხუცებულია და გვინდა, რომ მან სხვადასხვა სოციალური პროგრამით ისარგებლოს“, - აცხადებს სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი. 
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ომში გარდაცვლილები არიან გიორგი კირაკოზაშვილი და რევაზ მამისაშვილი. მათი ოჯახებისთვის ყოველწლიურად 500 ლარია განსაზღვრული. ამ თანხას 8 აგვისტოს ვაძლევთ. სხვა სახის დახმარება ამ ოჯახებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის განსაზღვრული“, - ამბობს საგარეჯოს მერის მოადგილე პაატა ასართაშვილი.
თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალტეტში მცხოვრები მსგავსი ოჯახებისთვის კი ყოველწლურად ფულადი დახმარების სახით 1000 ლარია გამოყოფილი. დედოფლისწყაროს მერიაში ამბობენ, რომ ერთჯერადი დახმარების გარდა, ყოველთვიურად სუბსიდიის სახით ელეტქროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადისთვის 18 ლარი ერიცხებათ. 
„„2012 წლიდან 2016 წლამდე აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ბალაშვილის ოჯახს ყოველთვიურად ეძლეოდა 100 ლარი, ხოლო შემდეგ ოჯახის თხოვნით, 2017 წლიდან მათ ერთჯერადად ყოველწლიურად ერთნაირად ერიცხებათ 1000 ლარი. ეგ ოჯახი ასევე არის მარჩენალდაკარგული და ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ვუხდით 8 ლარს. გარდა ამისა, ზურას შვილს მძიმე დაავადება აქვს. ჩვენ შევთავაზეთ ოჯახს, რომ საქართველოში მის მკურნალობას გარკვეულწილად დავაფინანსებთ, თუმცა ამ დაავადებაზე ჩვენს ქვეყანაში არ მკურნალობენ. არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი საბიუჯეტო სახსრებით საზღვარგარეთ დავაფინანსოთ ამ ბავშვის მკურნალობა“, - აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას თელავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე. 
„აგვისტოს ომში დედოფლისწყაროდან 3 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა მუნიციპალიტეტში 2008 წლის ომში დაღუპულის 1 ოჯახი ცხოვრობს. ყოველწლიურად ერთჯერადად 1000 ლარი ერიცხებათ ადგილობრივი ბიუეტიდან. გარდა ამისა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადისთვის ოჯახს ყოველთვიურად ერიცხება 18 ლარი. ისინი განცხადებაში აკონკრეტებენ ეს თანხა სურთ ჩაერიცხოთ ბუნებრივ აირის თუ ელექტროენერგიის გადასახადისთვის“, - ამბობს დედოფლისწყაროს მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დოდო ხუნაშვილი. 
Knews.ge-მ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, 2008 წლიდან დღემდე რა სახის დახმარება გაუწია სახელმწიფომ კახეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპული პირების ოჯახებს და ამჟამად რა სახის დახმარებას იღებენ ისინი. ამ დრომდე უწყებას Knews.ge-სთვის ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია. ადგილიბრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმაციით, ომში დაღუპული ოჯახებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 1000 ლარია გათვალისწინებული.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“