სკოლამდელი აღზრდის დილემა- ჟურნალისტური გამოძიება

 (photo: )

ნახევრად დანგრეული შენობები, ძველი და დამტვრეული სათამაშოები, ფეხმოტეხილი სკამები, მწირი სადილი, უგულვებელყოფილი ჰიგიენიური პირობები, მწყობრიდან გამოსული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა, ცუდი სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეს ჩვეულებრივი სურათი ტიპურ მახასიათებლად იქცა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების საბავშვო-ბაღების უმეტესობაში. 

2013 წლის ივლისიდან "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად საბავშვო ბაღებში გადასახადი აიკრძალა.  
ცვლილებების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწაწვლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება. აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება. კანონის მიხედვით, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სასმელი წყლითა და ცხელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და სამედიცინო მომსახურებით. 

კანონის მე-16 მუხლის მიხედვით თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებათა შორისაა  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნა, მათი წესდებების დამტკიცება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და მათი საქმიანობის კონტროლი;
მუნიციპალური საბავშვო ბაღების მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა, სახელწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაუჯდა. საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2013 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ გაზრდილი მუნიციპალური დაფინანსებით სახელმწიფომ მხოლოდ  თელავის მუნიციპალიტეტის მაგალითზე  გასულ წელს 980 ათასი ლარი დაიხარჯა. გაეროს ბავშვთა ფინდის კვლევის თანახმად, რომელიც 2012-2013 წლებში ჩატარდა,  რეგიონების სკოლამდელ დაწესებულებათა ტიპური სურათის მიხედვით წლიური პერიოდული ხარჯების კომპონენტების ძირითადი ჯგუფები ასე ნაწილდება: თანხის დაახლოვებით 75%  ადმინისტრაციისა ხელფასებს მოხმარდა. ამ თანხიდან სახელმწიფო კვებაზე 22% იხარჯება.

 საკვებისთვის თვის განმავლობაში საბავშვო ბაღი ერთ ბავშვზე დაახლოვებით 25 ლარს ხარჯავს. რაც დღის განმავლობაში 0,83 ლარია. ამ თანხის ფარგლებში საბაშვო ბაგა ბაღების გაერთიანება საკვები პროდუქტის შეძენაზე ტენდერს თავად აცხადებს. საკვებ პროდუქტს კი საბავშვო ბაღებში  პერსონალი ამზადებს. კვება სამჯერადი უნდა იყოს, თუმცა გაეროს კვლევა ადასტურებს, რომ კახეთის ბაღების 50% ბავშვებს მხოლოდ 2 ჯერადად სთავაზობს  საკვებს.
საბავშვო ბაღებში საკვების ხარისხისა და შემადგენლობის შესახებ შეკითხვები აუკვე დიდი ხანია ისმის. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგი თითქმის არ ხორციელდება. 

ამ საკითხის შესახებ იუწყება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევაც: 
„კახეთის მასშტაბით 205 ბაღი იქნა შესწავლილი. ძირითადი პრობლემებია ინფრასტრუქტურასა და წყლისა და სანიტარული უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული საკითხები, შენობების ნახევარი არის ცუდ მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას. კახეთის ბაღების 36.6%-ს არ აქვს სათამაშო მოედანი და არსებული სათამაშო მოედნები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. 23.9% საჭიროებს ავეჯისა და ინვენტარის განახლებას. კახეთში ბაღის შენობების მხოლოდ 53.2%-ს აქვს ცენტრალური წყალმომაგების სისტემა, დანარჩენ ბაღებში წყალი არის ან ეზოში ან ჭებისა და წყაროების გზითაა ხელმისაწვდომი. კახეთში 42.9%-ს აქვს გარეთ მდებარე ტუალეტი, რომელიც შენობიდან 21 მეტრითაა დაშორებული; 41.5% ბაღებში პერსონალი და ბავშვები ერთი და იმავე ტუალეტით სარგებლობენ. შენობებში მდებარე ტუალეტების 39.6% ცუდ მდგომარეობაშია. კახეთში ბაღების 13.7%-ს ბავშვებისთვის ხელსაბანები ეზოებში აქვთ, ხოლო 5.9%-ს ხელსაბანი მოწყობილობა საერთოდ არ აქვს. მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემაც. 
კახეთის ბაღების 18.5% ვერ უზრუნველყოფს ბავშვების მომარაგებას სასწავლო-სააღმზრდელო ინვენტარით. ბაღების 24% ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო ინვენტარს. კახეთში ბაღების 30% ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ჯანდაცვასა და უსაფრთხოებას რესურსების სიმწირის გამო. რაც შეეხება სასწავლო პროცესის ხარისხს. კახეთის ბაღების მხოლოდ 40.5%-ს აქვს შემუშავებული რაიმე სახის საგანმანათლებლო პროგრამა/სასწავლო გეგმა. მხოლოდ 53.7% ბაღებისა იცნობს და იყენებს ქვეყანაში არსებულ მეთოდოლოგიურ მასალებს. კახეთის ბაღების მხოლოდ ნახევარი აფასებს და აწარმოებს დოკუმენტაციას ბავშვის საჭიროებებისა და მიღწევების შესახებ. მასწავლებელთა კვალიფიკაცია თანამედროვე აღზრდის საკითხებში არადამაკმაყოფილებელია. კახეთში ბაღების მხოლოდ 6.7%-ს ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. 2. როგორია საკვები პროდუქტების მხრივ არსებული მდგომარეობა კახეთში ბაღების მხოლოდ 45.5% უზრუნველყოფს ბავშვებს სამჯერადი კვებით, ხოლო 54.6% უზრუნველყოფს ბავშვებს ორჯერადი კვებით. თუ შევადარებთ თბილისს და აჭარას იქ ბაღების უმრავლესობაში სამჯერადი კვებაა, - ამბობს მაია ყუფარაძე, კვლევის ავტორი გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელ-ლი. 

ჩვენი საგამოძიებო სტატიით შევეცადეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილი ვითარება უფრო დაწვრილებით თელავის მუნიციპალტეტის ბაღების მაგალითზე განგვეხილა და ის პრობლემები გამოგვეკვეთა, რაც სააღმზრდელო დაწესებულებებში რეალურად არსებობს. `კახეთის ხმის~ საგამოძიებო ჯგუფმა ჟურნალისტური კვლევა მდგომარეობის შესასწავლად თელავის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 2 თვის მანძილზე ჩაატარა. 

როგორც თელავის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს დასკვნა ში  ვკითხულობთ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა თელავის მუნიციპალიტეტის #1, # 4 , #5, 8 საბავშვო ბაღებში, სოფლების ქვ. ხოდაშნისა და ვარდისუბნის ბაღებშია. როგორც ,,კახეთის ხმასთან’’ საუბრისას მშობლები აცხადებენ, ბაღში კვების ხარისხი და რიგ შემთხვევაში, ჰიგიენური მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ფინანსური სიმწირისა და სხვა უკეთესი მომსახურების ხელმიუწვდომლობის გამო იძულებულნი არიან ბავშვები მუნიციპალურ ბაღში მაინც ატარონ. 

საკითხის უკეთ გასაცნობად ,,კახეთის ხმა’’ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში, #1, #5 და #8 ბაღში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. 
ჩვენი ექსპერიმენტის მიზანი ბაღებში კვებისა და ელემენტალური ჰიგიენური პირობების შესწავლა იყო, რაშიც რედაქციის 4 თანამშრომელი და ზემოთ აღნიშნული საბავშვო ბაღის 10 მშობელი იღებდა მონაწილეობას. 
დაკვირვება ძირითადად  ბავშვთა კვების საკითხებზე მივმართეთ. აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები დარღვეულია. 
შემოწმებული ბაღებიდან არც ერთში ბავშვებს საჭმლის ჭამის წინ ხელები არ დააბანინეს,  გარდა ამისა, დაწესებულებებში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მოუწყობელია სამზარეულოები და დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ჩვენ მიერ შესწავლილ თითქმის ყველა ბაღში დარღვეულია პროდუქტის შენახვის, დამუშავებისა და მიწოდების სტანდარტი.  

გარდა ამისა, მძიმეა ჰიგიენური პირობები. ჩვენს მიერ შემოწმებულ თელავის #1 და #5 ბაგა-ბაღებში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და სველი წერტილები, ხოლო #8 ბაგა-ბაღში ეს პრობლემა მოგვარებულია. აქ მოწესრიგებულია სველი წერტილები და საკანალიზაცია.
თელავის #5 ბაგა-ბაღში  მაგიდის გადასაწმენდი ჩვრები დასვრილი იყო, რომელიც ბავშვების სათამაშო ოთახებში მაგიდებზე ელაგა. 
გარდა ამისა, დავაფიქსირეთ ის ფაქტიც, რომ მთელი დღის განმავლობაში ყველა სააღმზრდელო ჯგუფისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, (ჭიქები, თეფშები, ჩანგლები, კოვზები) ბავშვების სამყოფელ ოთახში დაბალ მაგიდებზე იყო დალაგებული, რომელზეც ჰიგიენის დაცვისთვის არაფერი იყო  გადაფარებული. 
გარდა ამისა, #1 ბაღში დარღვეულია ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სამზარეულოს მაგიდა სუფთა, გლუვპირიანი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში – რკინის, რადგან შესაძლოა მაგიდა დროთა განმავლობაში დაიჟანგოს და მასზე პურის ან სხვა საკვები პროდუქტის დადებისას პროდუქტი საჭმელად უვარგისი გახდეს. ზემოთ აღნიშნულ ბაღში კი, რკინის მაგიდა დაგვხვდა, სადაც ყოველდღიურად ბავშვებისთვის პური იჭრება. 

#8 ბაგა-ბაღში ჩვენი დაკვირვების შედეგად დარღვეულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის #280/ნ ბრძანებით, მკაცრად არის განსაზღვრული ბაღებში ბავშვთა კვების საკითხი, რომელიც ,,ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ’’ კანონით რეგულირდება.
კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ,,ბავშვთა კვების დაწესებულებაში უნდა არსებობდეს შესაბამისი აღჭურვილობა, ჭურჭელი და ავეჯი, ბავშვი მაგიდასთან უნდა იჯდეს სწორად; სკამი მაგიდის კიდიდან 2 სმ-ით შიგნით უნდა იყოს შეწეული, ასევე აუცილებელია დაცულ იქნეს ავეჯის (სკამის, მაგიდის) ზომები ბავშვის სიმაღლესთან შესაბამისად. კერძები ლამაზად გაფორმებული და ზომიერი ტემპერატურის უნდა იყოს.’’

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ჩვენი დაკვირვებით  აღმოვაჩინეთ, რომ #8 ბაგა-ბაღში არ არის მოთხოვნების შესაბამისად ავეჯით მოწყობილი სამზარეულო, ასევე არ აქვთ საკმარისი ჭურჭელი, ჭიქები კი, რომლითაც ბავშვები ჩაის სვამენ, დამტვრეულია (პირი აქვს მოტეხილი). წყალგაყვანილობის გამო დარღვეულია ჰიგიენის ნორმები. 
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული კანონი, რომელიც ბაღებში კვების და ჰიგიენური ნორმების მოწესრიგებას გულისხმობს, თელავის ბაღების 27 ბაღიდან უმეტესობაში დარღვეულია. კანონის მიხედვით, ,,ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის სხვადასხვა ჭურჭელი უნდა იყოს გამოყოფილი. გარდა ამისა, ასევე, დებულების მიხედვით, ყველა საკვები პროდუქტისთვის სხვადასხვა სახის ჭურჭელი უნდა იყოს. 

(დანები უნდა იყოს სხვადასხვანაირი პურისთვის, კარტოფილისთვის, ხორცისთვის და სხვა პროდუქტების დასაჭრელად)’’, ჩვენი დაკვირვებით, #8 და #1 ბაგა-ბაღში საკვების შესაბამისი ჭურჭელი არ აქვთ, ძირითადად პროდუქტს ერთი და იგივე დანით ჭრიან,  სამზარეულოში პურს და სხვადასხვა პროდუქტებს, მაგ: მწვანილს, ხახვს, ერთი დანით ჭრიან. 
ასევე არ არის დაცული ჰიგიენური ნორმა,  ყველა კერძისთვის არ იყენებენ სხვადასხვა ჭურჭელსა და ქვაბების. #8 და #1 ბაღებს არ აქვთ მაცივარი, სამზრეულო კარადები ღიაა, იატაკი დაზიანებული, რაც მღრღნელების გაჩენას არ გამორიცხავს და პროდუქტის შესანახად არაჰიგიენური პირობებია. 

გარდა ამისა, ბაღებში ირღვევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული კანონის ,,ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ’’ მეორე თავის მეოთხე მუხლის კიდევ ერთი ნორმა, ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი. კანონის მიხედვით, კერძები, რომელსაც ბავშვები მიირთმევენ, უნდა იყოს ლამაზად გაფორმებული, რაც მათი გონებრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი დათვალიერების შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნული ნორმა არც ერთ ბაღში არ არის დაცული. ბავშვებს საუზმის დროს დაუდევრად უღებენ საჭმელს თეფშზე ყოველგვარი გაფორმებისა და გალამაზების გარეშე.
 
ლობიო რეალურ და ვირტუალურ მენიუში

ბაღში არსებული სიტუაციის უკეთ გასაცნობად,  დაკვირვებაში მონაწილეობა  მშობლებსაც შევთავაზეთ: ჩვენი თხოვნისამებრ 2 ბაღის 10 მშობელს უნდა ჩაენიშნა და ჩვენთვის მოეწოდებინა ერთი კვირის მანძილზე ბავშვის მიერ ბაღში მიღებული საკვები რაციონის შემადგენლობა/დასახელება. 
საბავშვო ბაღის მენიუსა და ჩვენ მიერ შესწავლილი რაციონის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვთა მიერ მშობლებისათვის მოთხრობილი რაციონი და საბავშვ ბაღის ოფიციალური მენიუ ძირითადად აცდენილია. 

მაგალითად, ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ ბავშვთა 100% აღნიშნავდა, რომ სადილზე 7 დღის მანძლზე ლობიოს წვნიანს მიირთვა, თუმცა საკვებ მენიუში მითითებული იყო ბრინჯის, ხორცისა და კომბოსტოს წვნიანი. 
საკვები პროდუქტების მწირი რაციონისა გარდა მშობლებმა ყურადღება გაამახვილეს საგანმანათლებლო საკითხებზეც,  რასაც სასწავლო დაწესებებულებებში ნაკლები ყურადღება ექცევა, თუმცა მათი თქმით, ბაღში კვების პრობლემები ყველაზე მწვავეა. 
ბავშვები სახლში მისვლისას ხშირად ამბობენ, რომ ბაღში აღარ  წავლენ, რადგან მხოლოდ ლობიოს აჭმევენ.
34 წლის ნინოს თქმით, (გვარის გამხელისგან თავი შეიკავა), თელავის #8 ბაგა-ბაღში მისი 5 წლის ბავშვი ბაღიდან ყოველთვის  მშიერი ბრუნდება:
,,უკვე დიდი ხანია, რამდენჯერაც ჩემს შვილს შევეკითხები, რა ჭამა იმ დღეს ბაღში, მეუბნება, მოხარშული ლობიო ვჭამეო. გარდა ამისა, ამბობს, რომ ძალიან ცოტას აჭმევენ და იქ სიარული აღარ სურს. მე ვაპირებ, სხვა ბაღში გადავიყვანო, იმედია, იქაც მსგავსი პრობლემა არ იქნება.’’

ნინოს მსგავსად ბაღში ბავშვების კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრობს #8 ბაღის აღსაზრდელის მშობელი სალომეც. 
მისი თქმით, ბავშვი ხშირად ამბობს, რომ მოხარშულ ლობიოს ჭამენ, ხორცს არ აჭმევენ, რადგან მას თვითონ მასწავლებლები მიირთმევენ.
-,,ჩემს შვილს რამდენჯერაც შევეკითხები, რა ჭამე - მეთქი, სულ მეუბნება ლობიოო, გარდა ამისა, ბავშვის აზრით, ხშირად, საჭმელი უგემურია და ჭამა აღარ სურს. მეუბნება ხორცი კი არის ხოლმე მაგრამ მასწვლებლები არ გვაჭმევენ, რადგან თვითონ ჭამენო.’’

,,თელავის #8 ბაგა – ბაღის” ხელმძღვანელი მაია ჩაველაშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ბაღში დიდი ყურადღება ექცევა სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვასა და სრულფასოვან კვებას. მისივე თქმით, ბაღის 183 აღსაზრდელისათვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში ერთხელ თითოეულ ბავშვზე 25 ლარი ირიცხება, რაც სტანდარტების შესაბამისად საკმარისია და ყველა ნორმას იცავენ. ჩვენს კითხვაზე რატომ კვებავენ ბავშვებს მხოლოდ ლობიოს წვნიანით, როდესაც სტანდარტით მრავალფეროვანი მენიუს მიწოდება უნდა უზრუნველყონ, ის განმარტავს, რომ -,,ბავშვებმა ყოველდღე 1800-მდე კალორია უნდა მიიღონ. აქ, ჩვენთან, დაცულია ყველა ნორმა. ყოველ დილით გრამობით იწონება საჭმელი და ისე მზადდება, მაგალითად, ქათმის ხორცი ბაგის ბავშვებმა უნდა მიიღონ 60 გრამი. მოთხოვნას წინა დღისით ვუგზავნით ბაგა-ბაღების გაერთიანებას და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რამდენი კილოგრამი ქათამი გვინდა. ქათმის ხორცს წვნიანში ხელით ვარჩევთ და ისე ვათავსებთ, რომ არათანაბარი რაოდენობა არ შეხვდეთ ბავშვებს. კვების რაციონი ნორმალურია, საუზმე სრულფასოვანია. ყოველდღე სხვადასხვანაირ ფაფას ვამზადებთ, გვაქვს ჩაი, კარაქიანი პური, კვირაში ერთხელ კაკაო, შუადღისას - სადილი, კვირაში სამჯერ არის ხორციანი კერძები, ხილი. წინა წელს ნაწილობრივი დაფინანსება გვქონდა, ნახევარს იხდიდა მშობელი. 25 ლარი იყო გადასახადი. 2013 წლის სექტემბრიდან, ახალი კანონის შესაბამისად, გაუქმდა გადასახადი და ჩვენ გაერთიანებაში შევედით. ახლა მთლიანად ბავშვის კვების ფულს სახელმწიფო აფინანსებს, ანუ ერთ ბავშვზე გამოყოფილია 25 ლარი. ასევე ოფისის ხარჯებისთვის 5 ლარი ერთ ბავშვზე დამატებით. ეს ძირითადად სათამაშოსთვის ან საკანცელარიო ნივთებისთვის გამოიყენება. ადრე სანამ ბაგა-ბაღს შეურთდებოდით, საკრებულო გვაფინანსებდა 64 ათას 380 ლარით. 2013 წლის სექტემბრიდან შევუერთდით გაერთიანებას და ახლა ყოველთვე 25 ლარი გვაქვს თითო ბავშვზე. იმ ბავშვების რაოდენობას, რაც ახლა გვყავს, ბაღი გაჭირვებით იტევს, რადგან ჯგუფები გადატვირთულია. ბაღის ინფრასტრუქტურა გათვლილია 100 ბავშვზე, მაგრამ ამჟამად ჩვენთან 183 ბავშვი ირიცხება.’’

ბაღის ხელმძღვანელის მტკიცების მიუხედავად 5 თებერვალს მე-8 ბაგა-ბაღში დავაფიქსირეთ, რომ  სადილად ბავშვებს მხოლოდ ლობიო მიართვეს, თუმცა ბაღის შესასვლელში გამოკრულ მენიუში სადილად წვნიანი ბრინჯით, პური და კარტოფილის ღვეზელი იყო მითითებული. გამოკრულ მენიუსა და რეალურ მენიუს შორის განსხვავება ბაღის გამგემ, მაია ჩაველაშვილმა ასე ახსნა: `დღევანდელი მენიუ არ გვაქვს გამოკრული. არც თვის მენიუ არ არის კედელზე, ესენი მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის არის გაკრული.  რატომ არ გააკრეს აღმზრდელებმა დღევანდელი არ ვიცი.’’ 
როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების საკითხი რეგულირდება ,,ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 12 ნოემბრის #280/ნ ბრძანებით. რაც ყველა სტანდარტსა და კვების ნორმას განსაზღვრავს. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების დარღვევა #5 ბაგა-ბაღში 


თუ ბაგა ბაღების ადმინისტრაციები ბავშვთა კვების სფეროში არსებულ დარღვევებს უარყოფენ, თამამად საუბრობენ ინფრასტრუქტურულ მოუგვარებელ პრობლემებზე: თელავის #5 ბაგა-ბაღის გამგე ია ბუშელაშვილის თქმით, ვინაიდან ბაღის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, საჭირო რაოდენობის ოთახები არ არის გარემონტებული და შესაბამისი ინვენტარი არ აქვთ, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა გადატვირთულია. ბაღის დირექტორის თქმით, სადილის შემდეგ ყველა ბავშვი იძინებს, გარდა დამამთავრებელი ჯგუფისა, რადგან, საჭირო ინვენტარის არქონის გამო, ასაკით დიდ ბავშვებს დასაძინებლად საწოლები არ აქვთ.
-,,წელს ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად მოგვემატა და მთლიანად ირიცხება 250 ბავშვი. იმის გამო, რომ ბავშვთა კონტიგენტმა მოიმატა, ყველა საწოლი გამოვიტანეთ და დავდგით მცირეწლოვანთა ჯგუფში, მათთვის კი აღარ დარჩა, ამიტომ არის, რომ ვერ ვაძინებთ, თორემ მათაც ძალიან უნდათ დაიძინონ.’’
იმის მიუხდავად, რომ ია ბუშელაშვილს კვების სექტორში არსებულ დარღვევებზე არ სურს საუბარი, მისი კომენტარიდან კარგად ჩანს, რომ ბაღში დარღვეულია ,,სანიტარიული წესებისა და ნორმების’’ შესახებ კანონის მეორე თავი, სადაც საუბარია ორგანიზაციისადმი კვების ზოგადი მოთხოვნების წესზე. კანონში ნათქვამია, რომ ჭამის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს აუჩქარებლად, მაგრამ არა უმეტეს 30 წთ-ის განმავლობაში, ბავშვები, რომლებიც ჭამას დაასრულებენ, სასურველია, ადგნენ მაგიდიდან და თავი გაირთონ პასიური თამაშობით.  

ჩვენი დაკვირვებით, ბავშვები სადილად ხელების დაბანის გარეშე მიიწვიეს. 30 წუთზე მეტ ხანს ჭამდნენ საჭმელს, რომლის შემდეგაც ისინი დასაძინებლად გაუშვეს. ფაქტი იმის შესახებ, რომ საჭმლის ჭამის შემდეგ ბავშვები იძინებენ ბაღის ხელმძღვანელმა, ია ბუშელაშვილმაც დაგვიდასტურა.
უვარგისი საკვები თუ „ხელოვნური წუნი?“

ბაღების კვებით მომარაგებისა და სატენდერო პროცესზე დაკვირვება ნათლად მოწმობს, რომ პროცესი რბილად რომ ვთქვათ, ჯანსაღი არ არის. ამ საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს სკოლამდელ დაწესებულებში სახელმწიფო კონროლის/მონიტორინგის არ არსებობა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, რომელიც 2013 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დამთავრდა, აღნიშნულია, რომ თელავის #1, #5 ბაღში, სოფლებში - ქვემო ხოდაშნისა და ვარდისუბნის ბაღებში კვების სტანდარტი დარღვეულია.
#1 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი ნათელა ბასილაშვილი ბაღში კვებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს არ უარყოფს. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილმა რამდენჯერმე გასულ წელს ბაღში საჭმელად უვარგისი ხორცი და კარტოფილი შემოიტანა.
-,,ბაღში 154 ბავშვია, თუმცა დაფინანსება გვაქვს 125 ბავშვზე. რადგან კვებაუფასოა,  ყველამ მოიყვანა ბავშვი ბაღში. რაც შეეხება კვებას, ადრე იყო ჩვენს ბაღში პრობლემები. პრეტენზიები გვქონდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, ინდმეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილთან. მას ძალიან ცუდი პროდუქტები შემოჰქონდა. ამაზე ბევრს ვდაობდით. ის ფაქტი, რომ ბაღებში კვება უფასოა, ხომ არ ნიშნავს იმას რომ აქ ჩაწოლილი და დაბალფასიანი პროდუქტი მოიტანონ. რაც შეეხება ე. წ სველ წერტილებს, მოწესრიგებული გვაქვს, სამზარეულოშიც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, მხოლოდ ვენტილაცია არ გვაქვს. ამას დიდი თანხა სჭირდება, რაც ჯერ არ გაგვაჩნია. საჭმლის კეთების შემდეგ სამზარეულო ნიავდება, კარს ვაღებთ ხოლმე. რაც შეეხება გათბობას, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, რადგან შეშის ღუმელით ვათბობთ ოთახებს.’’
ინდ. მეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილი ,,კახეთის ხმასთან’’ ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, იყო მცირე შემთხვევები, როცა მის მიერ მიტანილ პროდუქტზე 27 ბაღიდან ერთი ბაგა-ბაღის გამგისგან ადგილი ჰქონდა ხელოვნურ წუნს. 

,,წლებია ამ ტენდერებში ვმონაწილეობ და ბაღებს საკვები პროდუქტებით ვამარაგებ. მინდა ვთქვა, რომ მე არასდროს არცერთ ბაღში გაფუჭებული საქონელი არ მიმიტანია. 
#1 ბაგა-ბაღში, მე არ მიმიტანია უვარგისი საკვები. იყო ერთი შემთხვევა, რომ კარტოფილი მივიტანე და წონაში ცოტა დააკლდათ. ანუ მაგალითად: თუ მე 100 კილოგრამი კარტოფილი შევიტანე ბაღში, გაფრცქვნის შემდეგ უნდა იყოს 80კ. აღნიშნული ბაღის შემთხვევაში კი გამოვიდა 70 კილოგრამი. ამაზე ატეხეს ერთი ამბავი და მეც სასწრაფოდ მივედი და ის 10 კილო კარტოფილი მივუტანე. რაც შეეხება იგივე ბაღში ხორცის შეტანასთან დაკავშირებულ პრობლემას, მე ამ ბაღში გასულ წელს შევიტანე ქათმის ხორცი.  27 ბაღიდან ყველას მოეწონა ერთის გარდა, მიზეზი კი ვერ გავიგე რატომ.  ვადასტურებ, რომ ის ხორცი არ იყო უვარგისი. ამ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უსამართლო ბრალდებას. ზოგადად მე ამ წლების განმავლობაში სხვა პრობლემა არ მქონია ბაღებთან და ვთვლი, რომ მე არასდროს არ დამირღვევია ხელშეკრულების პირობები.’’
ნათელა ბასილაშვილის თქმითვე, ბაღში დიდი ხნის განმავლობაში ირღვეოდა საკვების პროდუქტის ტრანსპორტირების ნორმები, პროდუქტების უმეტესობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს მანქანის საბარგულით მოჰქონდათ, რომლის დროსაც საკვები პირდაპირ ყოველგვარი  ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე ეყარა. როგორც ჩვენთან საუბარში ბასილაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა ჯერ-ჯერობით მოგვარებულია, რადგან აღნიშნულ კომპანიებს მათთან საკვები პროდუქტები აღარ მიაქვთ, ახალი კომპანიები და ინდმეწარმეები კი აღნიშნულ ნორმებს მეტნაკლებად იცავენ.

-,,აუცილებელია, რომ საკვების პროდუქტის ტრანსპორტირებისას დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საკვები უნდა მოდიოდეს სპეციალური მანქანით და არა ისე, როგორც ადრე მოჰქონდათ მანქანის საბარგულით. გარდა ამისა, ეზოს გარეთ, მიწაზე, ჩამოგვილაგებდნენ ხოლმე ცელოფნის პარკებით საკვებ პროდუქტებს და იქიდან ჩვენ შემოგვქონდა. არაერთხელ მოვთხოვეთ სიტუაციის გამოსწორება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ესენი იყვნენ ინდმეწარმეები: ალექსანდრე მახათელაშვილი და ქეთევან მაღულარია. ერთხელ იყო, შემთხვევა, რომ ალექსანდრე მახათელაშვილმა მოიტანა საჭმელად უვარგისი ხორცი, ცუდი ფერი და სუნი ჰქონდა. მე არ შემიყრია ქვეყანა, მაგრამ ჩემს მნეს იმ ხორცის ნაწილი გავატანე და შევამოწმებინე, რომელიც საჭმელად უვარგისი აღმოჩნდა. გარდა ხორცისა, ასევე შემოიტანეს კარტოფილი, რომელიც არ იყო საღი და ამ საკითხზეც მივიღეთ სათანადო ზომები, რომ შემდეგში უკეთესი პროდუქტი შემოსულიყო. ახლახან ინდმეწარმე ზაზა მოდებაძემ მოგვიტანა საკვები პროდუქტები, მანქანის საბარგულში პროდუქტებს სუფთად ჰქონდა გადაფარებული პარკი. ყველაფერი პირდაპირ სამზარეულომდე მოგვიტანა თავისი ხელით. ჩვენ კმაყოფილები ვართ.’’
,,ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ’’ კანონის მიხედვით, კვებისთვის განკუთვნილი საკვები ნედლეულისა და პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილი ტრანსპორტით, ნიშანდებული ტარის გამოყენებით. 
ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სხვადასხვა სახის სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ერთიმეორისგან განცალკევების წესი.~ ციტატის დასასრული.
ინდ.მეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილმა წინა წლებისგან განსხვავებით სხვადასხვა პროდუქტებზე გამოცხადებულ ტენდერებიდან მხოლოდ ერთში, გაერთიანების 27 ბაღისთვის პურპროდუქტების, ახალი საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების, მცენარეული და ცხოველური ზეთებისა და ცხიმპროდუქტებით მომარაგებაზე გამოცხადებულ ელტენდერში (62, 740 ლ) 45 ათასი ლარის შეთავაზებით გაიმარჯვა. 

როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით ბაღების გამგეები აცხადებენ, ამ დრომდე მათთან არ ყოფილა შემთხვევა, რომ მახათელაშვილს უვარგისი პროდუქტი შეეტანა.
პირველ ბაღში მომხდარი არაერთი დარღვევის შესახებ  კომენტარი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნინო ვაშაკაშვილს ვთხოვეთ, თუმცა ვაშაკაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მათ მიერ მოკვლევა არ ჩატარებულა, რადგან ინდ. მეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილს ბაღებში უვარგისი საკვები პროდუქტი არ მიუტანია და გამგეებისგან ხელოვნურ წუნს ჰქონდა ადგილი.
,,ინდ. მეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილმა ჩვენს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ ერთ კოდზე გაიმარჯვა და თუ მომავალში რაიმეზე პრობლემას შექმნის, ან არ დააკმაყოფილებს ხელშეკრულების პირობებს, წავა შავ სიაში სულ შეუწყდება მოღვაწეობა. ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად. ისე რიგ შემთხვევაში ხელოვნურ წუნსა ქონდა ადგილი გამგეებისგან.’’

იმ მშობლებს, რომელთაც ბავშვები #1 ბაღში დაჰყავთ და ჩვენ გავესაუბრეთ, არასოდეს შეუმოწმებიათ ბაღის საკვების ვარგისიანობა. მათივე თქმით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბაღის ადმინისტრაცია ბავშვებს უვარგის საჭმელს არ აჭმევს.
ნათია ხანჯალიაშვილი ამბობს, რომ ბავშვთა კვების საკითხი მოწესრიგებულია -,, არ დავინტერესებულვარ, ჩემი შვილი აქ რა საჭმელებს ჭამს, ალბათ, იმას, რაც ყოველდილით გამოკრულია საინფორმაციო დაფაზე.’

თუმცა საპირისპიროა თელავის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ ბაღში ოქტომბრიდან დეკემბრის თვეებში ძირითადად კვებისა და ჰიგიენის დაცვის პრობლემები გამოიკვეთა. 

-,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბავშვო ბაღების სანიტარული მდგომარეობა მუდმივად უნდა აკონტროლოს და შესაბამისი სანქციებიც შეიმუშავოს, რომელიც ამ დროისთვის არ არსებობს, ასევე უნდა შემუშავდეს სპეციალური კანონი, რომელიც მიუთითებს საბავშვო ბაღების სანიტარული მდგომარეობის გაკონტროლების აუცილებლობას. საჭიროა საბავშვო ბაღებისთვის საკვების შესყიდვის ტენდერებში ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე ორიენტირებული პირობების შექმნა, რამდენჯერმე დაფიქსირდა ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის მიერ ბაღებში საკვებად უვარგისი პროდუქციის შეტანის ფაქტი  (#1 ბაგა-ბაღში), რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და შესაბამისი სტრუქტურებისგან მონიტორინგის უმკაცრესი რეჟიმი, “ - ნათქვამია რეკომენდაციებში.
როგორც ამ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, ამ დროისთვის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ბაგა-ბაღების გაერთიანებას გადაეგზავნება.

ჩვენ დაახლოვებით ერთი თვის განმავლობაში ვცდილობდით თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ნინო ვაშაკაშვილისგან კომენტარის მიღებას. ვაშაკაშვილისგან ინტერვიუზე უარის მიზეზი ჯერ მოუცლელობა, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. საბოლოოდ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. მისი თქმით, გაერთიანების ადმინისტრაცია ამოწმებს ბაღებს, თუმცა მონიტორინგის დროს დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. 
- ,,სააღმზრდელო დაწესებულებებში გამგეები მენიუს წინასწარ  ადგენენ, რაც კრების ოქმით ფორმდება.  ჩვენთვის გამარტივებული რომ იყოს, ხოლო მონიტორინგი გამკაცრებული, ყველა საბავშვო ბაღში მენიუ ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, მონიტორინგზე რომ მივდივართ, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში ის უნდა იყოს გამზადებული, რაც შეადგინეს და, შესაბამისად, დაცული  უნდა იყოს ჰიგიენის ნორმებიც, გამზადებული პროდუქტი უნდა მივიდეს ბავშვამდე. რაც შეეხება საკრებულოსთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებს, ამ საკითხზე შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა სკოლამდელ დაწესებულებებში. ‘’

ჩვენი დაკვირვებით აღნიშნული ინტერვიუდან გამომდინარე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული მონიტორინგი, რომელზეც  ,,კახეთის ხმასთან’’ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი საუბრობს ფორმალურია და რეალურად არსებული პრობლემების გამოვლენასა და შემდეგ მათ მოგვარებაზე არ არის მორგებული.
თუმცა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს დასკვნა ადასტურებს: ,,რომ საბავშვო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით პრობლემა იყო უხარისხო საკვების მიწოდება და არაეფექტური მენიუ, რომელიც თავად გამგეებმა დაასახელეს.’’

როგორ მარაგდებიან ბაღები საკვებით

2012 წლიდან ბაღებს საკვები პროდუქტებით ის კომპანიები ამარაგებენ, რომლებიც ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში იმარჯვებენ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში (ბოლოს გამოცხადებული ყველა ტენდერი 30.12.2013 წლით თარიღდება), რომელსაც ბაღების გაერთიანება აცხადებს, აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში თელავის 27 ბაღს ერთი და იგივე  ინდმეწარმეები და შპს-ბი ამარაგებენ.
ბოლო ტენდერი, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ბაღების სხვადასხვა საკვები პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით 30 იანვარს გამოაცხადა, ხოლო წინადადება 2014 წლის 10 იანვარს მიიღეს.

სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული კულტურების კატეგორიაში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 ათას 400 ლარია (დღგ-ს გათვალისწინებით) და გაერთიანების ბაღებისთვის კვერცხისა და მწვანილის მიწოდებას გულისხმობს, მხოლოდ ერთი კომპანია ,,კახეთი 2013’’ მონაწილეობდა, რომელმაც 17, 700 ლარის შეთავაზება წარმოადგინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. (აღნიშნულმა კომპანიამ გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში პირველად მიიღო მონაწილეობა)

ბაღების სხვადასხვა საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში (59,360 ლ), ასევე ერთი კომპანია შპს ,,დიკა 2011’’ მონაწილეობდა, რომელმაც ვაჭრობის ყველა რაუნდში გაერთიანებას 59, 360 ლარი შესთავაზა. ამ დრომდე მიმდინარეობს საბოლოო ხელშეკრულების მომზადება და კომპანია ვალდებული იქნება, 2014 წლამდე გაერთიანების 27 ბაღს თეთრი პური მიაწოდოს.

ბაღების პურპროდუქტების, ახალი საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების, მცენარეული და ცხოველური ზეთებისა და ცხიმპროდუქტებით მომარაგებაზე გამოცხადებულ ელტენდერში, (62, 740 ლ), მონაწილეობდნენ: შპს ,,თელავი ჯგუფი’’ და ინდმეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილი. 
ვაჭრობის ბოლო რაუნდში, 45 ათასი ლარის შეთავაზებით, ზეპირ ვაჭრობაში მახათელაშვილმა გაიმარჯვა.

რაც შეეხება ბაღების დაფქული მარცვლეული პროდუქტებით, სახამებლისა  (11,500 ლ) და რძის პროდუქტებით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერშიც (47, 500ლ) 28 ათასი ლარის ბოლო შეთავაზებით შპს ,,თელავი ჯგუფმა’’ გაიმარჯვა.

ხილზე, ბოსტნეულსა და მონათესავე პროდუქტებზე, გამოცხადებულ ტენდერში (ღირებულება 47, 150 ლ) 44,350 ლარის შეთავაზებით, ინდმეწარმე ზაზა მოდებაძემ გაიმარჯვა, ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ხორცისა და ხორცის პროდუქტების მომარაგებასთან დაკავშირებულ ტენდერში, (ღირებულება 103,600 ლ) გაიმარჯვა შპს ,,კახეთი 2013-მა.”

ნინო ვაშაკაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებულია კონტროლის მექანიზმი იმისთვის, რომ ,,ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ბაღებში უვარგისი პროდუქტი არ მიიტანონ. ნინო ვაშაკაშვილის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ისეთი სახის ხელშეკრულებაა დადებული, რომ არც ერთი ბაღი წუნდებულ საქონელს არ მიიღებს. ‘პროდუქტის მიტანისას კი, დგება მიღება-ჩაბარების აქტი და, თუ არ არის დაცული შეფუთვა და ვადა, არ მიიღებენ. ‘’
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, #23 ხელშეკრულებით, რომელიც თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და ინდ. მეწარმე ალექსანდრე მახათელაშვილს შორის საქონლის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით დაიდო, გათვალისწინებულია, რომ ,,მიმწოდებელმა’’ (ინდ. მეწარმე ალ. მახათელაშვილმა) აიღო ვალდებულება გაერთიანებაში შემავალი 27 ბაღისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვა და ადგილზე მიტანა.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს ,,შემსყიდველს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს. მიწოდებულ საქონელზე წუნდების შემთხვევაში, (რომელსაც ბაღის გამგე ან მნე ადგენს) დეფექტის ან წუნდების შემთხევაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრის მიმწოდებელი.

ხელშეკრულების თანახმად ასევე, ,,მიმწოდებლის’’ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებული შესყიდვის ობიექტი, უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს შესყიდვის ორგანიზაციის მოთხოვნებს.
ვაშაკაშვილის მტკიცებით, ჯერ ჯერობით საკონტრაქტო პირობები არ დარღვეულა. 

ვისი კომპეტენციაა ბავშვთა კვების რაციონი?

,, ბავშვთა კვების რაციონის მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  კომპეტენციას წარმოადგენს, რადგანაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ)’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ,,სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ააიპ-ის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო, 22-ე მუხლის შესაბამისად კი, ,,საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი’’ წარმოადგენს საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას,’’ – განგვიცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა სოფიო უმიკაშვილმა. 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დიმიტრი ბოჭორიძე აცხადებს, რომ  საკრებულოსთვის ბაღების მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმი დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნაა, რომელსაც ბაღების გაერთიანება იწვევს. მათი თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბაღებში ზედამხედველობის სამსახურის შესვლა მოითხოვოთ, რადგან, როგორც თავად განმარტავენ, დამოუკიდებელი აუდიტი წლების განმავლობაში მხოლოდ დადებით დასკვნას დებდა, რაც მათ ბაღების შემოწმების საფუძველს არ იძლოდა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ებიტაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, საკრებულოს კონტროლის მექანიზმი არ აქვს და მათ მიერ გადარიცხული თანხის ხარჯვის ეფექტურობას ვერ ამოწმებს. 

თუმცა 2013 წელს მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კანონის მე-16 მუხლი განმარტავს, რომ  თვითმმართველი ერთეულის  ექსკლუზიური უფლებამოსილებათა შორისაა  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნა, მათი წესდებების დამტკიცება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და მათი საქმიანობის კონტროლი.

საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე, აცხადებს, რომ 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისის პერიოდში, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად ჩატარდა საბავშვო ბაღების საყოველთაო აღწერა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა რაც დეცენტრალიზებულ მმართველობას უკავშირდება, არის სწორედ ერთიანი მონაცემების არარსებობა. 
,,სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში ბევრი ბაღი ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტადარტებს. ამის მიზეზად ცალსახად ფინანსების ნაკლებობის დასახელება არ იქნებოდა სწორი. 
ყველა სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი განათლების მომსახურების განსაზორციელებლად იმაზე მეტი უნდა დაიხარჯოს, ვიდრე ახლა იხარჯება, თუმცა სწორი მენეჯმენტის და ფინანსების გადანაწილების პირობებში შესაძლებელია რიგ მუნიციპალიტეტებში არსებული დაფინანსების ოდენობა საკმარისი იყოს მეტ-ნაკლებად სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი განათლების მომსახურების მიწოდებისთვის. ახლა საბავშვო ბაღები უფრო მეტად აღიქმება დაწესებულებად, რომლის პირველადი ფუნქციაც კვება და დღის მანძილზე მოვლაა, მაშინ როდესაც უმნიშვნელოვანესი საგანამათლებლო და სკოლისათვის მომზადების ფუნქცია უგულებელყოფილია. 
მშობლები ბაღებს აღიქვამენ, როგორც ვინმესთან დატოვების შესაძლებლობას და არა ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ დაწესებულებად. აღნიშნული საკითხი საჭიროებს რეაგირებას ადგილობრივი მმართველობის მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ყველა ბაღი ვადებული იქნება უზრუნველყოს ცხელი წყალი  და გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. ‘’

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, ახლა საბავშვო ბაღები უფრო მეტად აღიქმება დაწესებულებად, რომლის პირველადი ფუნქციაც კვება და დღის მანძილზე მოვლაა, მაშინ როდესაც უმნიშვნელოვანესი საგანამათლებლო და სკოლისათვის მომზადების ფუნქცია უგულებელყოფილია. მშობლები ბაღებს აღიქვამენ, როგორც ვინმესთან დატოვების შესაძლებლობას და არა ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ დაწესებულებად. 
თუ არ მოხდა სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო ფუნქციების მნიშვნელობის გაზრდა, ხარისხიანი განათლების და განვითარების ხელმისაწვდომობაზე ბავშვების უფლება ვერ იქნება სრულად რეალიზებული.

ჟურნალისტური გამოძიება დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო ვაშაკაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.  საგამოძიებო სტატიის თემაზე `კახეთის ხმა~ ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას იწვევს. 
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ რედაქციაში თქვენი შენიშვნებისა და წინადადებისათვის.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“