კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა

 (photo: )

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში დაიღუპა 180 ადამიანი და დაშავდა 3600-ზე მეტი.  „მსოფლიო ბანკმა“ დააფინანსა საპილოტე პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტის დასაწყებად  კახეთის რეგიონი შეარჩია, რადგან ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო წლის განმავლობაში უამრავი უბედური შემთხვევა ხდება. ორი დღის წინ თელავში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევამ. ჩვენ კი გვინდა ასეთი შემთხვევებისგან მოსახლეობა დავიცვათ“, - განუცხადა knews.ge-ს  გელა კვაშილავამ, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თვმჯდომარემ. 

 უახლოეს მომავალში კახეთის სკოლებში განხორციელდება საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის. მოსახლეობაში ცნოებიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდება ქუჩის აქციები, სადაც მძღოლებსა და მგზავრებს მოვუწოდებთ დაიცვან საგზაო წესები და დაემორჩილონ კანონებს. მოეწყობა შეხვედრა ჟურნალისტებთან. პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის - ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დონე, - განმარტავენ პროექტის გუნდის წევრები. 

პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე   შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“