თუშეთის გზის რეაბილიტაციაზე მილიონ 200000 ლარი დაიხარჯება

 (photo: )

თუშეთში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, სამუშაოებზე მილიონ 200 000 ლარი დაიხარჯება.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხის ფარგლებში კეთდება გზის ის მონაკვეთები, რომელიც ზამთარში დაზიანდა და ზვავის ჩამოწოლის საშიშროებას ქმნის:

,,გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,თორღვას აბანოს'' მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნული თანხა მსოფლიო ბანკმა შარშან მოგვცა. 
გარდა ამ სამუშაოებისა, მთლიანად იწმინდება თუშეთის გზა რისთვისაც 180 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,თუშეთის გზა'' ასრულებს. მუშები გზას თუშეთის მხრიდანაც მოსდევენ და ასუფთავებენ. ახმეტის მხრიდანაც მიმდინარეობს სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, სამ კვირაში გზა უკვე გაიხსნება,''- განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.
გამგებლისვე განცხადებით, აღნიშნული კომპანია ვალდებულია წლის ნებისმიერ დროს გზის დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოები კვლავ განახორციელოს.
მისივე თქმით, გარდა გზის რეაბილიტაციისა, თუშეთის გზაზე დაწყებულია საპიკნიკე ადგილების მოწყობაც:
,,თუშეთისკენ მიმავალ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ხეობაში''- განუცხადა Knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“