მედია კონტროლი შერჩევითი დაფინანსებით

 (photo: )

ბოლო სამი წლის მანძილზე კახეთის რვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ყოველგვარი ტენდერის ჩატარების გარეშე, ერთპიროვნულად, მედიის მოსახურებისათვის 800 000 ლარზე მეტი გაიხარჯა.

მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან აიპიებს და რამდენიმე დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციას 2012 წელს 295,867,77 ლარი, ხოლო 2013 წელს - 271,411,43 ლარი გადაერიცხა. 2014 წელს მხოლოდ გამგეობებზე დაქვემდებარებული აიპიები 235, 540 ლარს განკარგავენ. სამივე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ კუთხით გამოყოფილმა თანხამ ჯამში თითქმის მილიონი - 802 819,2 ლარი შეადგინა.
ზემოთ ნახსენები თანხით მუნიციპალიტების გამგეობები გაზეთებში, ტელევიზიასა და ინტერნეტ- გამოცემებში ყიდულობდნენ საეთერო დროს - გადაცემას, ე.წ მორბენალ სტრიქონს, სარეკლამო ფართს და მომსახურებას, რომელსაც თავიანთი სურვილისამებრ გამოიყენებდნენ. 
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც კახეთის 8 მუნიციპალიტეტის გამგეობებიდან მოვიპოვეთ, ნათელია, რომ გამგეობები მედია მომსახურების სარგებლობისას ორი გზით ხელმძღვანელობდნენ: 
1. ყოველწლიური სუბსიდიის გაცემა გამგეობების მიერ დაფუძნებული ააიპ - ანუ არაკომერციული იურიდიული პირებისათვის და იმ შპს ორგანიზაციებისათვის, რომელთაც 100% სახელმწიფო წილი აქვს და მედიის საკადრო პოლიტიკასაც თავად განკარგავენ;
2. დამოუკიდებელი კომერციული მედია ორგანიზაციების მომსახურების შესყიდვის გზით, რომელთა მომსახურებისათვის ასევე პირდაპირ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფდენენ თანხებს და ხელშეკრულების საფუძველზე უწევენ მომსახურებას. და რომელთა მუშაობაზე ადგილობრივ ჩინოვნიკებს პირდაპირი გზით ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლიათ. 
ორივე შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები მედიის მომსახურების კანონიერი შეძენის გვერდის ავლით მოქმედებენ, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტები მედია მომსახურებას თავად ეწევიან, ანდა შესყდვას ტენდერის საშუალებით არ ახორციელებენ. 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე განმარტავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მკვეთრად განსაზღვრული ფუნქციები აკისრიათ ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია დააფუძნოს იურიდიული პირი, თუმცა, ამავე მუხლის თანახმად, ასეთი დაფუძნება უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზანს. ასე, მაგალითად, შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ დააფუძნოს ბეჭდური მედიასაშუალება მის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნების მიზნით. მაგრამ, ვინაიდან მედია საქმიანობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კანონით განსაზღვრულ ფუნქციას, ახალი ამბების მოპოვებისა და გავრცელების მიზნით ბეჭდური მედია საშუალების დაფუძნება, შესაძლებელია გასცდეს მის უფლებამოსილებებს.
,,პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ თუ რა იგულისხმება საინფორმაციო მომსახურებაში. ტელე-რადიო მაუწყებლობის და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირებისაგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შეუძლია მხოლოდ სოციალური რეკლამის განთავსების და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მომსახურების შესყიდვა. სხვა სახის მედიასაშუალებებისაგან ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ შეისყიდონ ნებისმიერი სახის მომსახურება, რომელიც მათი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და ემსახურება მათი ფუნქციების შესრულების მიზანს. ორივე შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, გამარტივებული წესით შეისყიდოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მომსახურება, ასევე ის მომსახურება,რომლის ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს, ხოლო, ტენდერის საშუალებით - ყველა დანარჩენი მომსახურება. ცხადია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია გამოაცხადოს ტენდერი ისეთი მომსახურების შესყიდვაზეც, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 5000 ლარს და ამით ხელი შეუწყოს შესაბამის რეგიონში ამ მომსახურების მიმწოდებელთა შორის ჯანსაღ კონკურენციას'', - განმარტავს `კახეთის ხმასთან,, ეკა ციმაკურიძე. 
ბოლო სამი წლის მანძილზე მედია ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ძირითადად ადგილობრივი საჯარო მოხელეების საქმიანობა და თვითმმართველობის შესახებ სხვადასხვა განცხადებები და ანონსები ქვეყნდებოდა.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ჩვენ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ გამგებლებმა 2014 წლის დასაწყისში სხვა წლებისგან განსხვავებით, საეთერო დრო და სარეკლამო ფართი აღარ იყიდეს. როგორც გამგეობებში აცხადებენ, მათ ეს მომსახურება აღარ სჭირდებათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი და მედია ხელშეკრულებები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელიც წლების განმავლობაში ტელეკომპანია ,,გურჯაანის’’ საეთერო დროს ყიდულობდა, სამაუწყებლო კომპანიას წელს ხელშეკრულება აღარ გაუფორმა. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, წლევანდელ ბიუჯეტში „ტელერადიომაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობის“ მომსახურებისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
,, 2013 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 40 ათასი ლარი, აქედან გაცემულია 38, 2 ათასი ლარი, 2012 წელს გამოყოფილი იყო 41 ათასი ლარი, გაიხარჯა 40,8 ათასი ლარი. რაც შეეხება საინფორმაციო მომსახურებას, ამ საქმიანობას ეწევა ააიპ ,,გურჯაანის საკანონმდებლო მაცნე,’’ რომლის დაფინანსებაც 03.01.2012 წლის მონაცემებით 37, 5 ათასი ლარი იყო, 14.11.2012 წელს - 42,5 ათასი ლარი, 2013 წელს - 42,5 ათასი ლარი, 2014 წელს - 42,5 ათასი ლარი.’’

როგორც მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ნატო ღონღაძე აცხადებს, ტელეკომპანია ,,გურჯაანში’’ საეთერო დროის ყიდვის მაგივრად, იმ თანხის ნახევრით, რაც ხელშეკრულებით სამაუწყებლო კომპანიას ერიცხებოდა, სოციალური პაკეტის დაფინანსება 20,000 ლარით გაიზარდა. 
-,,ცვლილება შევიდა საკრებულოს მიერ აუქციონის ჩატარების წესში. ამიერიდან საკრებულო აუქციონებს შემდეგი ვებგვერდების ,,www.action.ge'' და ,,www.nasp.gov.ge” საშუალებით და იმ პერიოდული გამოცემების საშუალებით ჩაატარებს, რომლებიც კვირაში არანაკლებ ხუთჯერ გამოიცემა და ვრცელდება მთელ საქართველოში.’’
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიას საეთერო დროის ყიდვისთვის გამგეობიდან 2008 წელს 24 000 ლარი ჩაერიცხა, 2009 წელს - 31 860 ლარი, 2010 წელს - 34 242 ლარი, 2011 წელს - 36 900 ლარი, 2012 წელს კი - 40 000 ლარი.
როგორც ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი აცხადებს, წლების განმავლობაში გურჯაანის გამგეობა საეთერო დროს საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად ყიდულობდა, რადგან ხელშეკრულება ერთი წლით ფორმდებოდა.
-,,ადგილობრივი თვითმმართველობა წლების მანძილზე ტელეკომპანია ,,გურჯაანისგან” საეთერო დროს ერთი წლით ყიდულობდა. ჩვენ გვქონდა გადაცემა ,,დიალოგი,’’ სადაც მოდიოდნენ საჯარო მოხელეები და საუბრობდნენ, ასევე იყენებდნენ ე.წ მორბენალს სტრიქონს, განცხადებებს და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, იყო საბაზრო ფასზე ბევრად დაბალი, რადგან იყო ერთწლიანი კონტრაქტი. 2013 წლის კონტრაქტი რომ დასრულდა, თვითმმართველობამ 2014 წლის ბიუჯეტში შეიტანა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას ეყიდა ისევ საეთერო დრო. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია ,,გურჯაანი” ერთადერთი მაუწყებელია, რომელიც მუნიციპალიტეტს მთლიანად ფარავს, შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ღონისძიებების, გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დროულად მიეწოდოს. რა თქმა უნდა, გარდა გურჯაანის ტელევიზიისა, აქ ვრცელდება ტელეკომპანიების ,,რუსთავი 2-ის,” ,,იმედის” ტელემაუწყებლობაც, მაგრამ ეს ტელევიზიები იმ ფასად, რასაც ჩვენ გვიხდიდნენ, საეთერო დროს არ დაუთმობენ. თვითმმართველობას თუ სურს, რომ ჰყავდეს მოქალაქე ინფორმირებული, ეს მომსახურება სჭირდება. თუ არ აინტერესებს და მხოლოდ კედელზე ოთხი ფურცლის გაკვრით მიიჩნევს, რომ მას ვალდებულება მოხდილი აქვს, ამ შემთხვევაში მისი გადასაწყვეტია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს სხვა რაიონებში, სადაც სხვა მედიასაშუალებები საკრებულოდან ფინანსდებოდნენ, ეს მომსახურება დარჩა, მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღარ სჭირდება. 
რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო, მაგრამ ტელევიზიასთან მიმართებით ეს არაფერს არ ცვლის. ჩემი აზრით, ის მედია საშუალებები, რომელიც დამოკიდებულები არიან გამგეობის ბიუჯეტზე, ვერ იქნებიან ობიექტურები. ვნახოთ, როგორ მოახერხებს მოქალაქეების ინფორმირებას თავად გამგეობა. ეს მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება.’’
მუნიციპალიტეტის გამგებელ ემზარ ჯიქურაშვილის თქმით, ტელეკომპანიასთან ერთწლიანი ხელშეკრულება არ გაფორმდება და მომავალში შესაძლებელია, გამგეობის საქმიანობის რეკლამისათვის ერთჯერადად ხანმოკლე ხელშეკრულება დაიდოს.
მისი თქმით, გამგეობას სარეკლამო ღონისძიების განხორციელება სჭირდება, მაგრამ მთელი წლით საეთერო დროს არ იყიდის.
გარდა ტელეკომპანია ,,გურჯაანისა,’’ აღნიშნული პრობლემა კიდევ ერთ მედია საშუალებას შეექმნა, ინტერნეტ გამოცემა `კახეთის საინფორმაციო ცენტრს~. 
კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობა სააგენტოს ხელმომწერი იყო და ორგანიზაციასთან ერთწლიანი ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. თუმცა 2014 წლის დასაწყისში `კახეთის საინფორმაციო ცენტრთან~ ხელშეკრულება კახეთის ყველა გამგებელმა ერთდროულად გააუქმა. 
აღსანიშნავია, რომ გამგეობის მიერ მედიის დაფინანსების მიმართულებით შეტანილი ცვლილებები მხოლოდ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს შეეხოთ, ხოლო მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ძირითადად გაზეთებს გამოსცემენ, ცვლილებები არ შეხებიათ, მეტიც, ისინი ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გაზრდილი სუბსიდიით სარგებლობენ. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014 წელს დაფინანსება მხოლოდ ერთადერთ მედია ორგანიზაციას - ააიპ ,,გურჯაანის საკანონმდებლო მაცნეს’’ - გაზეთი ,,გურჯაანს’’ გაუგრძელდა. გაზეთი მიმდინარე წლიდან 42,5 ათასი ლარით დაფინანსდება. გასული სამი წლის განმავლობაში გაზეთ `გურჯაანს~ 2012 წელს 42,500 ლარი 2013 წელს 42,500 ლარი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში დღემდე გაზეთი ,,გურჯაანი’’ გამგეობიდან 100%-ით ფინანსდება.
,,გურჯაანის საკანონმდებლო მაცნე’’ ეწევა არა მარტო მოსახლეობის ინფორმირებას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და საქმიანობის შესახებ, არამედ ასევე პერიოდულად, თვეში ორჯერ გამოსცემს გაზეთ ,,გურჯაანს’’. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის რეკლამირებისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული,’’- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
როგორც გაზეთ ,,გურჯაანის’’ დირექტორი ასმათ ნიკოლაშვილი განმარტავს, გაზეთი საინფორმაციო-სარეკლამო ხასიათს ატარებს და იგი მუნიციპალიტეტის საქმიანობას უწევს რეკლამას. 

-,,გაზეთი ,,გურჯაანი” 500-ცალიანი ტირაჟით თვეში ორჯერ გამოდის და იგი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში უფასოდ ვრცელდება. გაზეთის მეშვეობით მოქალაქეებს ვაწვდით ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ, ვაქვეყნებთ ბრძანებებს, დადგენილებებსა და სხვა.’’
ინტერნეტ გამოცემა ,,ქიზიყი.გე-ს” რედაქტორ ილია მარტყოფლიშვილის თქმით, მისთვის გამგეობების მიერ მედია ორგანიზაციების შერჩევითი დაფინანსება გაუმართლებელია.
-„ჩემთვის, შერჩევითი დაფინანსება, ცხადია, გაუმართლებელია, ისევე, როგორც მედია საშუალებების დახარისხება კომენტარებისა თუ სხვადასხვა ინფორმაციის გაცემის დროს. ყველა თანაბარ პირობებში უნდა იყოს და მმართველი პირების პირადი შეხედულებისამებრ არ უნდა წყდებოდეს. რაც შეეხება ხელშეკრულებების შეწყვეტას, ვფიქრობ, რეგიონული მედიის გადარჩენისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყოველი თეთრი, მაშინ, როცა სარეკლამო ბაზარი თითქმის არ არსებობს. ამ ფონზე ხელშეკრულების გაწყვეტა შეიძლება, აღმოჩნდეს მედიასაშუალებების დახურვის მიზეზი. კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მხოლოდ თითო მედიასაშუალება თუ შემორჩა, ამდენად მათი გაქრობა სამწუხარო იქნება. მოსახლეობას ხშირად ვხვდები და ზუსტად ვიცი, რომ საზოგადოებას ადგილობრივი მედიასაშუალება სჭირდება, მაგალითად, დედოფლისწყაროელებისგან ხშირად მსმენია, რომ სხვა რაიონების მსგავსად, მათაც სურთ, ადგილობრივი ტელევიზია ან რადიო ჰქონდეთ და გულისწყრომას გამოხატავენ, რომ ხელისუფლება ამას არ აკეთებს. ცხადია, ხელისუფლება ტელევიზიების გახსნით არ უნდა იყოს დაკავებული, თუმცა, უკვე არსებულთან თანამშრომლობის გაწყვეტა წარმოუდგენელია.’’

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მედია ორგანიზაციებს ხელშეკრულებები გაუუქმა

,,2014 წლის ბიუჯეტში თანხა არ არის გამოყოფილი არც ერთი საინფორმაციო მომსახურებისათვის და არც ხელშეკრულება არ გაფორმებულა,’’- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მედია ორგანიზაციების მომსახურებისთვის 2012 წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 33,462.37 ლარი გაიხარჯა, ხოლო 2013 წელს - 10,680.43 ლარი.
2012 წელს თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ,,საქართველო XXI საუკუნეს” -დამფუძნებელი ნანა ქიბიშაური, რომელიც 10 თვის მანძილზე ყოველთვიურად გაზეთს `ჩვენი გაზეთი~ გამოსცემდა, გამოეყო 12,000 ლარი; 
შპს ,,მვპ-ს,“ რომელიც გაზეთ 24 საათში რეკლმას ათავსებდა დამფუძნებელი: პაატა ვეშაპიძე – 2,117,37 ლარი (ხელშეკრულების გარეშე), შპს ცენტრ ,,იმედს“ – იგივე `კახეთის საინფორმაციო ცენტრი~ 1,320 ლარი. სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” - 6,505 (ხელშეკრულების გარეშე), 
თელავის მუნიციაპლიტეტმა ჯამში ყველაზე დიდი თანხა შპს ,,ეტალონ მედიას“ – 11 520 ლარი გადაურიცხა. ხელშეკულების მიხედვით, მედია პროექტ `ეტალონში~ ამ თანხით თელავის მუნიციპალიტეტმა ქალაქ თელავის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სარეკლამო გადაცემის ჩაწერის, მონტაჟისა და ეთერში გაშვების ღირებულება დაფარა. 
2013 წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს ,,მვპ-ს” გადაერიცხა 2,385,63 ლარი, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს - 7,818 ლარი, ხოლო შპს „ტელეკომპანია თანამგზავრს“ ერთჯერადად – 476,80 ლარი. გაზეთ `კახეთის ხმის~ ერთი ეგზემპლარის გამოწერისათვის 32 ლარი. 
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტს შექმნილი აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ,,telavi.gov.ge”, სადაც შესაძლებელია ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება.
ამიტომ ამ ეტაპზე სხვა მედია საშუალებებისათვის თანხის გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავენ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და მედიასთან სამსახურის ხელმძღვანელი ვერიკო კობიაშვილი განმარტავს: 
,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამდენიმე თვის წინ შექმნა ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც არის ყველა სიახლე განთავსებული. გამგეობაში მიმდინარე აქტივობის, საკრებულოს საქმიანობის და საჯარო მოხელეების შესახებ. აღნიშნულ გვერდზე ყველა ჟურნალისტს შეუძლია მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია. 
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, თანხა რომელიც გასულ წლებში მედია ორგანიზაციების მომსახურებაში გაიხარჯა, ახლა მოხმარდება სწორედ ამ ახალი ვებ-გვერდის განვითარებას, რომელიც მუდმივად განახლებადია და კიდევ უფრო დაიხვეწება. რაც შეეხება მედიასთან ურთიერთობას, არც წინა პერიოდში და არც ამჟამად არ გვაქვს არანაირი პრობლემა, ჩვენ ყოველთვის გახსნილები ვართ და თუ რაიმე ინფორმაცია, სჭირდება ვაკეთებთ.’’

გამგეობაში აღნიშნავენ, რომ სწორედ ამიტომ არ გაფორმდა ხელშეკრულება კახეთის საინფორმაციო ცენტრთან და სხვა მედიასაშუალებებთან.
,,გაცნობებთ, რომ მედიასაშუალებების მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარი თანხა არ გამოყოფილა. რაც შეეხება გაზეთ ,,ჩვენ გაზეთს’’ რომელიც წლების განმავლობაში გამოიცემოდა და ახლა შეჩერებულია, გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,საქართველო XII საუკუნეს’’ შორის 2012 წლის 20 მარტს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. მას შემდეგ ხელშეკრულება აღარ განახლებულა,’’- აღნიშნულია ჩვენ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.
დამოუკიდებელი მედია საშუალებებისათვის ერთბაშად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულბების ერთდროულად შეწყვეტას მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გამოითქვა მოსაზრება, რომ, კახეთის გამგებელმა გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილის რეკომენდაციით იმოქმედეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მედია ორგანიზაციებს ხელშეკრულებები შეუწყვიტეს.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, გუბერნატორი არც ერთი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში არ ჩარეულა. გუბერნატორის პრეს სამსახურის ხელმძღვანელის მადონა ბატიაშვილის თქმით, კახეთის გუბერნატორის დავალებით არც ერთი მუნიციპალიტეტი და გამგებელი არ იღებს გადაწყვეტილებას:
,,გამგებლებმა თავად იციან, სჭირდებათ თუ არა ეს მომსახურება. მე რამდენადაც ვიცი, შეიძლება, რომ ერთჯერადი ხელშეკრულებები იყოს დადებული, თუ გამგეობას უნდა მედია ორგანიზაციას ან ერთი წლით დაუდებს ხელშეკრულებას, ან რამდენიმეთვიანს. აღვნიშნავთ, რომ გუბერნატორისგან ასეთი დავალება არც ერთ გამგებელს არ მიუღია, თუმცა თვითონ გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ასეთი სახით ფულის გადახდა, მისთვის მიუღებელია. ის იღებს სხვადასხვა ინფორმაციებს, აძლევს ინტერვიუებს და მიაჩნია, რომ ამაში ფულის გადახდა არ არის საჭირო. 
იმ შემთხვევაში, თუ გამგეობა მიიჩნევს და გამგებელი გადაწყვეტს, რომ უნდა ითანამშრომლოს რომელიმე მედია ორგანიზაციასთან, ეს მისი და მისი აპარატის გადასაწყვეტია. რაც შეეხება კახეთის საინფორმაციო ცენტრსა და ტელეკომპანია ,,გურჯაანთან’’ ხელშეკრულების შეწყვეტას, ამას თვითონ წყვეტენ გამგებლები და მათ, თუ შეუწყვიტეს ხელშეკრულება, გუბერნატორი ვერ ეტყვის, გააგრძელეთო. 
რა თქმა უნდა, გუბერნია ამ საკითხებზე ფლობს ინფორმაციას, რომ ამ მედიაორგანიზაციებისთვის დაფინანსება შეწყვეტილია, თუმცა ამაში ვერ ჩაერევა,’’- აცხადებს სამხარეო ადმინისტრაციის მედიის ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მადონა ბატიაშვილი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“