2 ქალი კახეთის მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელ პოზიციებზე

კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში მერების, მერის მოადგილეების და საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობებზე გენდერული შესამჩნევი დისბალანსი შეიმჩნევა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო იყო გამონაკლისი, რომელმაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავჯდომარედ ქალი აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარე გახდა თმარ ყეინიშვილი, რომელიც ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის დეიდაშვილია. ყეინიშვილს 31 დეპუტატიდან ოცდაერთმა წევრმა გამოუცხადა ნდობა. ხელმძღვანელი თანამდებობა ქალმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაშიც დაიკავა. სიღნაღის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი გახდა. იგი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსპიკერი იყო. მადონა ბატიაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობა მისთვის საპასუხისმგებლოა და ყველაფერს გააკეთებს ქალების უფლებების დასაცავად და ადგილობრივი თვიმართველობის საქმიანობაში მათ ჩართულობას ხელს შეუწყობს.
,,მადლობას ვუხდი გიორგი გოგილაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და შევეცდები მაქსიმალურად კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობები. მე სიღნაღელი ვარ, ვიცი მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ და ვფიქრობ, მერს სჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც მოახერხებს ამ პრობლემების დროულად მოგვარებას და ხალხისათვის სასიკეთო საქმეების გაკეთებას. მოსახლეობის მეტი ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში, მეტი გამჭვირვალობა, ნაკლები ბიუროკრატია და საქმეზე ორიენტირებული მეტი ადამიანი – ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება ქალებს, მე ხელს შევუწყობ, რომ მეტი ქალი ყოს საპასუხისმგებლო საქმეების კეთებაში ჩართული",– განუცხადა Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.
დანარჩენ 6 მუნიციპალიტეტში მმართველი თანამდებობები მამაკაცებმა გადაინაწილეს. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი გახდა. დედოფლისწყაროს მერმა პირველ მოადგილედ სოლომონ ღორაშვილი, ხოლო მეორე მოადგილედ მალხაზ მერაბიშვილი დანიშნა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, მოადგილეები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩია. მამაკაცები იკავებენ მმართველ თანამდებობებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაშიც. მერის მოადგილეების თანამდებობა სიმონ ქოჩორაშვილმა და ნიკა გეთიაშვილმა დაიკავეს. ხანდამაშვილის ინფორმაციით, სიმონ ქოჩორაშვილი უხელმძღვანელებს საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა, ინფრასტრუქტურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების მუშაობას გაუწევს კოორდინაციას. ნიკოლოზ გეთიაშვილი კი ზედამხედველობის, იურიდიული, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების მუშაობას გააკონტროლებს. არჩილ ხანდამაშვილს იმედი აქვს, რომ ახალ გუნდთან ერთად გურჯაანში არსებულ პრობლემებს დროულად მოაგვარებს. 
,,პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი არის კვალიფიციური კადრი, ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკრებულოში და მისი საქმიანობა იყო ნაყოფიერი. მეორე მოადგილეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ გეთიაშვილს, დიდი გამოცდილება აქვს მცირე ბიზნესში. მას, ასევე, აქვს მარკეტინგული ქსელი. რაც ყველაზე მთავარია აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს ყველაზე პრიორიტეტულია გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის. მე იმედი მაქვს, რომ იმ პრობლემების მოგვარებას; რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობის კუთხით დგას გურჯაანში, მის მოგვარებას ერთად გავართმევთ თავს. ჩვენი გუნდი აქტიურად იმუშავებს პრობლემების მოგვარებას. იმედი მაქვს, რომ გურჯაანი იქნება საუკეთესო მუნიციპალიტეტი რეგიონში და ყველაზე წარმატებული 4 წლის შემდეგ ჩემი გუნდის დახმარებით'',- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად საკრებულოსა და მერიაში მმართველი თანამდებობები მამაკაცებმა გადაინაწილეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოადგილე, ალექსი ჭანკოტაძე ჰყავს. როგორც მდივნიშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, ვიცე მერის თანამდებობა მერიაში ჯერ–ჯერობით ვაკანტურია.
,,ჯერ პირველი მოადგილე არ დამინიშნია. ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე პირთან. შევარჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება კვალიფიციური, გამოცდილი და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს მუნიციპალიტეტისთვის’’,– განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეც მამაკაცი გახდა. საკრებულოს წევრებმა, სადაც 31 წევრიდან 4 ქალია, აღნიშნულ პოზიციაზე ყოფილი გამგებელი კახაბერ ჯამბურია აირჩიეს. ქალის ადგილი არ მოიძებნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში მმართველ თანამდებობებზე. საკრებულოს დეპუტატებმა პირველივე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ დავით ქევხიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ყვარლის მერს როსტომ სესიაშვილს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. მას ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, ვინ დაიკავებს ვიცე მერის თანამდებობას. 
,,რამდენიმე კანდიდატთან მქონდა შეხვედრა. ყვარლის ვიცე მერი იქნება კვალიფიციური და გამოცდილი კადრი. ჯერ არ გადამიწყვეტია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, მისი ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი’’,–განუცხადა Knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.
სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად მამაკაცებმა გადაინაწილეს მმართველი თანამდებობები საგარეჯოს მერიასა და საკრებულოში. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ თავმჯდომარედ ოთარ ჩალათაშვილი აირჩია. თავმჯდომარის მოადგილე კი ლელა მარიდაშვილი გახდა. საგარეჯოს მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა ვიცე მერის თანამდებობაზე ალექსი გილაშვილი, მეორე მოადგილედ კი პაატა ასრათაშვილი დანიშნა. კახეთის რეგიონში თელავი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერს სამი მოადგილე ეყოლება. თელავის ვიცე მარის თანამდებობა გიორგი თუშიშვილმა დაიკავა,მეორე მოადგილედ ალექსანდრე საჩიშვილი, მესამე მოადგილედ კი გუგა გურაბანიძე დაინიშნა. მამაკაცია ასევე საკრებულოს თავმჯდომარეც. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ თხლაშიძეს დანიშვნას საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“