ყვარლელმა მარიამ იაშვილმა კარალიოკის ჩირის წარმოება დაიწყო

ყვარელში მცხოვრებმა 23 წლის მარიამ იაშვილმა ხურმის და კარალიოკის ჩირის წარმოება დაიწყო. 

პროფესიით იურისტმა მარიამმა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა სწავლის პარალელურად აგრომიმართულებით ბიზნესი დაეწყო. გოგონა ამ ეტაპზე ორი სახეობის ჩირს ამზადებს და აღნიშნა, რომ მისი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. ახალგაზრდა მეწარმე წარმოებულ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
,,პროფესიით ვარ იურისტი, 2015 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად ვარ მაგისტრატურის სტუდენტი. სწავლა ხელს არ მიშლის ბიზნეს საქმიანობაში, პირიქით ჩემი პროფესია მეხმარება მქონდეს წარმატებული ბიზნესი. ჩირის წარმოება წელს დავიწყე, ამჟამად ვაწარმოებ კარალიოკისა და ხურმის ჩირს. " და-ჩირე", ასე ჰქვია ჩემს პროდუქტს. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით შევიძინე ხილის საშრობი აპარატი, რომლითაც წარმოება უფრო ეფექტური და მომგებიანი გავხადე’’,– განუცხადა Knews.ge–ს მარიამ იაშვილმა.
ახალგაზრდა მეწარმე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ მეწარმეებს პროდუქტის რეალიზაციაში ხელი შეუწყოს. მარიამ იაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის მიმართულებით ახალგაზრდების და ქალების გააქტიურებას სოფლების გაძლიერებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
,,ვფიქრობ, სახელმწიფო ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას, მაგრამ ამ მიმართულებით ვისურვებდი მეტი პროექტების განხორციელებას. მთავრობამ, ასევე, უნდა დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება, ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ ბიზნეს საქმიანობაში, რათა შეძლონ თავიანთი სურვილებისა და მიზნების მიღწევა“, – აღნიშნა მარიამ იაშვილმა. 
ჩირის წარმოების გარდა, მარიამი აგროტურიზმის მიმართულებითაც ახორციელებს საქმიანობას. ის ყვარელში საოჯახო სასტუმროს ფლობს. მან 2016 წელს სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგროტურისტული ობიექტი გახსნა.
,,ჩემი ბიზნეს საქმიანობა დაიწყო 2016 წელს. პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქალაქ ყვარელში გავხსენი საოჯახო სასტუმრო "violet", რომელიც საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახს აქვს ხილის ბაღი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება და მონაწილეობა მივიღე USAID-ისა და CRISTAL–ის ფონდის პროექტში „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“, რომლის დახმარებითაც შევძელი ჩემი ბიზნეს იდეების განხორციელება’’, – განაცხადა მარიამ იაშვილმა.
ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაფართოვებას, ტურისტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას და სხვადასხვა ხილის ჩირის წარმოებას გეგმავს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“