საქართველოში მეწარმე ქალთა ხელშემწყობი პროექტი იწყება

მეწარმე ქალთა ხელშეწყობის მიზნით ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ საქართველოში და მეწარმე ქალთა საბჭომ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყეს.

პროექტის ფარგლებში შეირჩევიან ქალი მეწარმეები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება ჰოლანდიელი ბიზნეს ექსპერტებისგან. მეწარმე ქალთა საბჭოს თავმჯდომარის, ნათია მეფარიშვილის განცხადებით, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

,,დღეს აქტუალურია მეწარმე ქალთა ხეშეწყობის საკითხი, თუმცა ჭარბობს მცირე ბიზნესის კუთხით განვითარება, საშუალო მეწარმეობა კი - ნაკლებად. ჩვენს პროექტში მონაწილე ქალბატონები შეიძენენ ახალ, საჭირო უნარ-ჩვევებს და მიიღებენ დიდ გამოცდილებას. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამ შემთხვევაში, ჰოლანდიაში გააცნონ საკუთარი პროდუქცია, ნაწარმი და გაიტანონ კიდეც“, - ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას ნათია მეფარიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქალბატონებმა უნდა შეძლონ პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთან კავშირების დამყარება საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.

,,პროექტის ფარგლებში შერჩეულ 15 ქალბატონს რეალურად მიეცემთ საშუალება, დაიწყონ ახალი ურთიერთობები და თანამშრომლობა. რაც შეეხება სექტორებს, ეს არის შემოქმედებითი სფერო, მაგალითად, ხელნაკეთი ნივთები, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მომსახურების სფერო, საკონსულტაციო მიმართულება და სხვა“, - აცხადებს მეფარიშვილი.

კონკურსის პირობების მიხედვით, ბიზნესი უნდა იყოს მინიმუმ ორი წლის რეგისტრირებული და მონაწილე უნდა იყოს ბიზნესის დამფუძნებელი ან იკავებდეს მენეჯერულ პოზიციას.

,,ბიზნესის ბრუნვა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 25.000 ამერიკულ დოლარს. მონაწილე უნდა იყოს მოტივირებული, განავითაროს სამეწარმეო უნარები და შეძლოს გაუწიოს მენტორობა სხვა მეწარმე ქალს. მონაწილეს უნდა ჰქონდეს ინგლისურად კარგი კითხვის, წერის და ლაპარაკის უნარი და სხვა“, - აღნიშნავს ნათია მეფარიშვილი.

მისივე განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭება იმ მონაწილეებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის საერთაშორისო ბიზნეს გამოცდილება. მეფარიშვილის თქმით, ჰოლანდიაში გადაადგილებისა და საკვების გარკვეული რაოდენობის ხარჯებს დაფარავს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. ავია ბილეთი, გარკვეული რაოდენობის საკვების და ტრანსპორტის ხარჯი უნდა დაფაროს მონაწილემ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“