ერთ დღეში კანონდარღვევით მიღებული თელავის ბიუჯეტი

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით, 2018 წლის ბიუჯეტი გუშინ დაამტკიცა.

35 დეპუტატიდან სხდომას საკრებულოს 26 წევრი ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტს ოცდასამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომაზე არ იმყოფებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 იანვარს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა არ ყოფილა და არც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს არ ჰქონდათ ბიუჯეტის გაცნობის შესაძლებლობა. საკრებულოს თავმჯდომარე, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღებას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. არჩილ თხლაშიძე ამტკიცებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტში 9 იანვარს მომხდარი სტიქიის გამო იძულებულები გახდნენ, ბიუჯეტი გუშინ დაემტკიცებინათ.

„ახალი ბიუჯეტის გარეშე ჩვენ ერთ თეთრს ვერ დავხარჯავთ. თუ ჩვენ არ მივიღებდით 2018 წლის ბიუჯეტს, 9 იანვარს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა. შაბათიდან თოვლს პროგნოზირებენ და სასწრაფოდ იყო გადაწყვეტილება მისაღები, რათა სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარება გაგვეწია. გარდა ამისა, ორ პოლოკლინიკას სახურავი აღარ აქვს. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ამ დროისთვის სავარაუდო მონაცემები უტოლდება 400 000 ლარს. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.“, - განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ. 

დროის მკვეთრად მცირე მონაკვეთში მთავარი საფინანსო დოკუემენტის დამტკიცებას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოდან“ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის, ლელა მენთეშაშვილის მტკიცებით, ის არ იყო ინფორმირებული, რომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება. 

„საკრებულოს სხდომაზე დავაგვიანე 15 წუთით. როდესაც მივედი და დღის წესრიგი მოვიკითხე, სხდომა დამთავრებული იყო და ბიუჯეტიც დამტკიცებული. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ დღეს დაამტკიცეს ბიუჯეტი, რადგან მე მითხრეს, რომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განგვეხილა მხოლოდ 9 იანვრის სტიქია“, -აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ლელა მენთეშაშვილი.

„45 წუთით ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომააო. არ ვიყავი თელავში და ფიზიკურად ვერ მივედი სხდომაზე. გუშინდელ რიგგარეშე სხდომას ნაციიონალური მოძრაობიდან არავინ არ დასწრებია, რადგან ფიზიკურად ვერ მოასწრეს მისვლა. ბიუჯეტის სასწრაფოდ დამტკიცებით ხელისუფლებამ მოსახლეობას ნაცარი შეაყარა თვალებში. არ უნდოდათ კრიტიკისა და შენიშვნების მოსმენა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და ამიტომ მიიღეს ბიუსჯეტი ასე სასწრაფოდ“, - განუცხადა knews.ge-ს „ნაციონალური მოძრაობიდანურ“ საკრებულოს წევრმა ბაადურ რევაზიშვილმა. 
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი კანონდარღვევით მიიღეს, რადგან არ ყოფილა დოკუმენტის საჯარო განხილვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არ არის მითითებული არც ერთი შემთხვევა, რომელიც განსაზღვრავს ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებული წესით, საჯარო განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობას. ირმა პავლიაშვილი მიუთითებს, რომ სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად თანხის გამოყოფა შესაძლებელი იყო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდანაც და არ იყო აუცილებელი საკრებულოს ერთ დღეში დაემტკიცებინა მთავარი საფინანსო დოკუმენტი. 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი ახალი წლის დაწყებამდე არ დამტკიცდება, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების არაუმეტეს ერთი მეთორმეტედისა. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების სალიკვიდაციოდ არსებობს სპეციალური ტრანსფერი,რომლის გამოყოფის მოთხოვნით თვითმმართველი ერთეული მიმართავს ცენტრალურ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, არ იყო აუცილებელი ბიუჯეტის პროექტი ასე სწრაფად დაემტკიცებინათ. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა გაიმართოს მისი საჯარო განხილვა. ეს პროცედურა დარღვეულია. შესაბამისად ამ შემთხვევაში ადგილი აქვს თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნის დარღვევას“, - განუცხადა knews.ge-ს ირმა პავლიაშვილმა. 

სპეციალისტები, ასევე, ირწმუნებიან, რომ თელავის მერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სხვა მოთხოვნებიც დაარღვია. ექსპერტი კოტე კანდელაკი განმარტავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში დეტალურადაა გაწერილი მერიის მიერ საკრებულოსთვის ბიუჯეტის წრადგენის, მისი განხილვისა და დამტკიცების ვადები, რომლებიც დარღვეულია. 

„ბიუჯეტის პროექტს მერი არაუგიანეს 15 ნოემბრისა წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მერი წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს. გასაგებია, რომ ამ ვადებს ვერ დაიცავდა თელავის მერია, რადგან ორი თვითმმართველი ერთეული გაერთიანდა და ამავე დროს ახალმა მერმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო 13 ნოემბერს, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა თვენახევრის განმავლობაში საკრებულოსთვის მერიას წარედგინა ბიუჯეტი, გამართულიყო მისი საჯარო განხილვა და წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გასულიყო დასამტკიცებლად. ყველანაირი ვადა მერიამ დაარღვია. ამის შემდეგ უცნაურია ბიუჯეტის პროექტის ასე ფორსმაჟორულ სიტუაციაში დამტკიცება, როდესაც ამისი აუცილებლობა არ არის“, - განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა. 

თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 18 მილიონ 741 ათას 800 ლარით განისაზღვრა. სახელფასო ფონდზე გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი. ინფასტრუქტურის მიმართულებით განსაზღვრულია 5 მილიონ 307 ათასი ლარი, განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილია 4 მილიონ 102 ათასი ლარი. სოცილაური მიმართულებით დაგეგმილია 1 მილიონ 630 ათასი ლარის დახარჯვა. კულტურისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის კი განსაზღვრულია 3 მილიონი ლარი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“