კახეთის მუნიციპალიტეტებში თანამშრომლებს ამცირებენ

 (photo: )

კახეთის მუნიციპალიტეტებში არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპიები) რეორგანიზაცია ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი აიპი ორგანიზაცია ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი და მოსწავლე ახალგაზრდოს სახლი გაერთიანდა. სამი საბიუჯეტო ორგანიზაციის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა კულტურის, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი. სამ აიპი ორგანიზაციაში დასაქმებული 181 ადამიანი კი 3 თებერვალს სამსახურის გარეშე დარჩა.

ლაგოდეხის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ნათია დათუკიშვილი ირწმუნება, რომ თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე იყვნენ ინფორმირებულები. 
„რეორგანიზაციის დაწყებისა და შტატების ოპტიმიზაციის გამო შესაძლო გათავისუფლების შესახებ სამივე აიპში დასაქმებულ ყველა პირს მიეწოდა ინფორმაცია წრილობითი ფორმით. 2018 წლის 3 თებერვალს ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ამ დროისთვის არ არსებობს ახლადწარმოქმნილი აიპის წესდება, საშტატო ნუსხა და არ არის განსაზღვრული თანამდებობები და არც მათი რიცხოვნობა. ყველა გათავისუფლებულ მოხელეს მიეცა კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მათ შესაძლო გათავისუფლების შესახებ ერთი თვის წინ ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიეწოდათ. ამ დროისთვის რეორგანიზაციის პროცესი ჯერ დამთავრებული არ არის, თუმცა შემუშავებულია ახალი აიპის - კულტურის, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის წესდება“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ნათია დათუკიშვილი. 
ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციაში თანამშრომლები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ლევან ქაჯაია ვერ აკონკრეტებს, რამდენი თანამშრომელი დასაქმდება ახალ აიპი ორგანიზაციაში. 
„წინასწარ ვერ გეტყვით, რამდენი თანამშრომელი იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრში. შერწყმის შედეგად სახეზეა ბევრი თანამდებობის დუბლირება. შესაძლოა დაგვჭირდეს არა 6, არამედ მხოლოდ ორი ბუღალტერი. სახელმწიფო შესყიდვის მიმართულებით შესაძლოა იყოს საჭირო არა 3, არამედ მხოლოდ ერთი სპეციალისტი, საქმეთა მმართველი და ა.შ. თანამშრომლების შესარჩევად სავარაუდოდ ჩატარდება ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ყველას შეეძლება. თანამრომლებს შეარჩევს საკონკურსო კომისია და მათ ჩაუტარდებათ გასაუბრება“, - განუცხადა knews.ge-ს ლევან ქაჯაიამ. 
ოპოზიცია აიპი ორგანიზაციების რეორგანიზაციის პროცესს აკრიტიკებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ევა ლომთაძე არ გამორიცხავს, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიონ. 
„ძალიან ბუნდოვანი პროცესია. აიპიების რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულები არ არიან. აქამდე არ გამოქვეყნებულა კრიტერიუმები, რომელთა საფუზველზეც თანამშრომლებს შეარჩევენ. ასევე კითხვა გვაქვს რა კომპეტენცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკონკურსო კომისიაში შევლენ. არ გამოვრიცხავ, რომ ახალი აიპის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიონ. წინა წლებში საჯარო მოხელეები თანამდებობებზე სწორედ პოლიტიკური მოტივით ინიშნებოდნენ“, - განუცხადა knews.ge-ს ევა ლომთაძემ. 
აიპიების რეორგანიზაცია არ დასრულებულა არც სხვა მუნიციპალიტეტებში. ორი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ თელავისა და თემის გაერთიანების შემდეგ ერთი და იმავე ფუნქციის მქონე 8 საბიუჯეტო ორგანიზაცია გაერთიანდა, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა 4 აიპი, თუმცა თანამშრომლების რაოდენობა და ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. 
„რეორგანიზაციის პროცესის შედეგად გაერთიანდა ქალაქისა და თემის სასპორტო გაერთიანება, კულტურის ცენტრი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბაგა-ბაღების გაერთიანება. ბუნებრივია თანამშრომლები შემცირდებიან, რადგან თანამდებობების დუბლირებაა, მაგრამ ამ ეტპაზე ეს პროცესი დასრულებული არ არის“, – განუცხადა knews.ge–ს თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაციის პროცესი კი ისევ მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც. ყვარელში კი ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მერიაში ამბობენ, რომ აიპიების რეორგანიზაციას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში კი საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპტიმიზაციას არ გეგმავენ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“