ენმ ახმეტის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას სასამართლოში გაასაჩივრებს

 (photo: )

ოპოზიცია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის ხელფასის ზრდას აპროტესტებს.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი შაქრო ტერტერაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონარღვევა მიიჩნევს. ტერტერაშილის განმარტებით, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 2018–2020 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება შესაბამისი საშტატო ნუსხისა და 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით. 
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 100 ლარით გაიზარდა და 1800 ლარით განისაზღვრა. ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიურმა ანაზღაურებამ მოიმატა 150 ლარით და 1500 ლარს გაუტოლდა. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოსთვის კი 1000 ლარია გათვალისწინებული. 
„საკრებულოს დადგენილებით, უკანონოდ გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოები. კანონის მიხედვით, 2017 წელს რამდენიც იყო გათვალისწინებული პოლიტიკური თანამდებობის პირების სახელფასო ფონდისთვის, 2018-2020 წლებში გასულ წელთან შედარებით იმაზე მეტი სახელფასო სარგოს დანიშვნა იკრძალება. 2017 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში არ გაცემულა არც პრემია და არც სახელფასო დანამატი და შესაბამისად ხელფასები არ უნდა მომატებულიყო. მიუხედავად ამისა, ახმეტის საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო ეს უკანონო გადაწყვეტილენა. ჩვენ ამ უკანონობას სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ. მერიის მაღალჩინოსნებსაც გაეზარდათ ხელფასები, მაგრამ ეს მოხდა 2017 წელს და კანონი მათ ამის შესაძლებლობას აძლევდა. რა თქმა უნდა კანონიერადაც ვეწინააღმდეგების ხელფასების ზრდას, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია“, - განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა. 
ახმეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ითიურიძე ამბობს, აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის აიკრძალა, რის გამოც შესაძლებელია შრომის ანაზღაურების მომატება. 
„საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების ხელფასების ზრდა 2017 წელს გვქონდა დაგეგმილი. ეს საკითხი დეკემბრის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე განვიხილეთ, თუმცა საკითხი იყო ხელახლა შესასწავლი და მაშინ თანამდებობრივი სარგოების მატების პროცესი გადაიდო. ხელფასების ზრდის შესაძლებლობა იყო ახმეტის ბიუჯეტში და გაიზარდა. ხელფასებმა მოიმატა ყველა მუნიციპალიტეტში“, - ამბობს ითიურიძე.
თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მომატებას მკვეთრად უარყოფითად აფასებს მოსახლეობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელფასების მომატების ნაცვლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. 
„ახმეტის მუნიციპალიტეტში ძალიან დბევრი გაჭირვებული ადამიანია. ხელფასები არ უნდა მოემატებინათ და ის თანხა უნდა გადაენაწილებინათ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი დახმარებისთვის. ბევრ ადამიანს წამლების ყიდვის შესაძლებლობაც კი არ აქვს. ასეთი ადამიანებისთვისაც უნდა იყოს გამოყოფილი თანხა ბიუჯეტში. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ხალზე არ ზრუნავს.მათ მხოლოდ თავიანთი თავი ადარდებთ და ხალხზე არ ფიქრობენ“, - განუცხადა Knews.ge-ს ახმეტაში მცხოვრებმა დიმიტრი გაბრიელაშვილმა.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების საქართველოს კანონის მიხედვით, 2018–2020 წლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება შესაბამისი საშტატო ნუსხით და ამ თანამდებობის პირებისათვის არაუმეტეს 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“