თელავში მცირე მეწარმეებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა (R)

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ „ფინკა ბანკის“ მომხმარებელი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლს განაგრძობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამჯერად შეხვედრა თელავში გამართეს. მათ მცირე მეწარმეებს საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მეწარმეებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებზე, გაცვლით კურსზე, ონლაინ სესხებზე, დაზღვევაზე, საპენსიო რეფორმაზე, ფინანსების მართვაზე, ბიუჯეტის დაგეგმვაზე, საბანკო პროდუქტებზე და მათ ეფექტურად გამოყენებაზე, აგრო დაზღვევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების’’ დამფუძნებელი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე საუბრობს. გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ტრენინგის შემდეგ მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას, რომელსაც გამოიყენებენ საქმიანობაში. 
,,ტრენინგის მიზანია ავამაღლოთ ფინანსური განათლება მეწარმეებში. მათ ვესაუბრებით სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე, ვაწვდით ინფორმაციას როგორ არის ქვეყნის ეკონომიკა მოწყობილი, რა პრიორიტეტული დარგებია დღეს ჩვენს ეკონომიკაში რომელიც შეიძლება განვითარდეს და სხვა. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ მეწარმეებს ექნებათ მეტი ცოდნა და უნარები ვიდრე, აქამდე და მას გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. ზოგადად ქვეყანაში ამ მიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. მეწარმეები, ასევე, ასახელებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, რომელიც ასევე პრობლემას უქმნით, თუმცა ეს დაკაშირებულია სხვადასხვა რისკ -ფაქტორსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. ასევე პრობლემაა ფინანსების მართვა და სწორი ბიზნეს გეგმის შედგენა სესხის აღების დროს. ამ და სხვა საკითხებზე მივაწოდეთ ინფორმაცია მეწარმეებს რაც მათ საქმიანობაში დაეხმარებათ და უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი კეპულაძემ.
ფინკა ბანკის თელავის სერვის ცენტრის მენეჯერი მიხეილ ახალაური აცხადებს, რომ ბანკი ფინანსური მომსახურების გარდა, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ცოდნის გაუმჯობესებასაც, რაც, მისი აზრით, მცირე ბიზნესისა და ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს.
„ფინკასთვის მნიშნელოვანია, კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. ტრენინგზე მეწარმეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის სწორად განვითარებისთვის ბანკებთან ურთიერთობა, ფინანსების სწორად გადანაწილება, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევა, სესხის გააზრებულად აღება და ბიუჯეტის დაგეგმარება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ტრენინგის შემდეგ ჩვენი მომხმარებლების ბიზნესსაქმიანობა უფრო მომგებიანი და ეფექტური გახდება’’,- განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ ახალაურმა. 
ფინკა ბანკის მომხმარებელი მეწარმეები ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თელაველი მეწარმე ნოდარ წულუკიძე აცხადებს, რომ ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია მას ბიზნესის გაძლიერებაში და ფინანსების უკეთ მართვაში დაეხმარება. 
,,ტრენინგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოგვადგება. დღეს გავიგე, რომ სესხი არ უნდა ავიღოთ 19%-ში და არ უნდა ჩავდოთ ფული ისეთ საქმეში, რომელიც 10%-იან მოგებას მოგვიტანს, რადგან ეს გამოიწვევს ზარალს და იქნება ჩვენი ბიზნესისთვის საზიანო. ასევე მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ბანკებში. გავიგეთ, რომ ისეთ ბანკებს უნდა მივმართოთ, რომელშიც დაბალი პროცენტი იქნება სესხზე. მინდა აღვნიშნო, რომ ფინკა ბანკი ამ საკითხში კარგად არის ორგანიზებული და კლიენტებისთვის მასთან თანამშრომობა სასურველი და მომგებიანია. ‘’
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სულ დაგეგმილია 7 შეხვედრის ჩატარება მცირე მეწრმეებთან. თბილისის, ქუთაისის, სენაკის და თელავის შემდეგ ტრენინგები დაგეგმილია საქართველოს  სამ სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ფარგლებში 150-მდე მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. 
პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“