გურჯაანში წარმოებულ მუხის კასრებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა

 (photo: )

ქართული წარმოების მუხის კასრებზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. 

კომპანია სს "პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტების" დირექტორის, ვასიკო კალანდაძეს თქმით, მათ მიერ წარმოებულ კასრებზე მოთხოვნა 20%-ით არის გაზრდილი. კალანდაძე მუხის კასრებზე მოთხოვნის გაზრდას საქართველოში ღვინის წარმოების მომატებას უკავშირებს.
,,ბევრმა კომპანიამ ასევე დაიწყო ყურძნის სპირტის წარმოება, რაც აუცილებლად მუხის კასრებში უნდა დავარგდეს. მუხის კასრების გარდა, საწარმოში ძველი კასრების რესტავრაციაც მიმდინარეობს, გვაქვს ისეთი სერვისიც, როგორიცაა კასრების რეცხვა. ისეთი კასრებისგან კი, რომელმაც უკვე ამოწურა ექსპლუატაციის ვადა, ავეჯს ვამზადებთ, სკამებს და სხვადასხვა აქსესუარს",- განუცხადა Bm.ge- ს ვასილ კალანდაძემ. 
მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო სს "პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები" 2014 წელს გაიხსნა. როგორც Knews.ge-ს ვასილ კალანდაძემ განუცხადა, საწარმოში 630 000 აშშ დოლარის სრული ინვესტიცია განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კი 550 000 აშშ დოლარის კრედიტი მიიღეს. საწარმო სხვადასხვა ფერის და სახეობის სასმელების დასავარგებლად ყყოველწლიურად საშუალოდ 1500 კასრს აწარმოებს, რომლებიც სტანდარტულად 225 ლიტრია. მისივე ინფორმაციით, გურჯაანში დამზადებული კასრები ადგილობრივი ბაზრის გარდა, გერმანიაშიც იყიდება.
კომპანიის დირექტორის მტკიცებით, მუხის კასრებზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზეც იზრდება.
"სანამ წარმოებას დავიწყებდით, ჯერ ბაზარი შევისწავლეთ, რამდენად იყო მზად ამ ინოვაციური სიახლისთვის. გურჯაანში არსებობდა მიტოვებული მექანიკური ქარხანა, სადაც საბჭოთა დროს მუხის კასრებს ამზადებდნენ. ძალიან მინდოდა ძველი საწარმოს აღდგენა. 2013 წელს, სატელივიზო რეკლამიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, თანამოაზრეები შემოვიკრიბე, დავწერეთ პროექტი და დაფინანსებაც მივიღეთ. მიღებული გრანტით სპეციალური დაზგა–დანადგარები ვიყიდეთ. 2014 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ კასრების წარმოება, რომელიც ევროპული და ამერიკული მუხის მასალისაგან იწარმოება. კასრები ღვინის, სპირტის და საკონიაკე მასალის დასავარგებლად გამოიყენება. სანამ წარმოებას დავიწყებდით, წავედი ესპანეთში ამ საქმის მცოდნე ადამიანის ჩამოსაყვანად, რათა ადგილობრივებისთვის ეს ხელობა ესწავლებინა. ჩამოვიყვანე გამოცდილი მუხის კასრების მწარმოებელი, რომელმაც ჩვენთან დასაქმებულ 18-20 წლის ახალგაზრდებს კასრების დამზადება ასწავლა. ვფიქრობ, დარგის განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა'',- განუცხადა knews.ge-ს ვასილ კალანდაძემ.
მისივე განცხადებით, კომპანია მუხის კასრებისგან ავეჯს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსაც ამზადებს. ვასილ კალანდაძე ამბობს, რომ მუხის კასრებისგან ავეჯის წარმოების იდეა მაშინ მოუვიდა, როდესაც ევროპაში იმყოფებოდა. 
,,ევროპაში ვნახე მუხის კასრებისგან დამზადებული ავეჯი და გადავწყვიტე, ეს ინოვაციური იდეა ჩვენთანაც დამენერგა. ძალიან მომეწონა, რადგან ქართულ სტილში ჯდება და ლამაზი გამოდის. ვამზადებთ სავარძლებს, მაგიდებს, სანათებს, საათებს და სხვა სახის ავეჯს. ევროპაში მსგავსი მეთოდით დამზადებული ავეჯი 500 ევრო ღირს, ეს კი ჩვენთან იაფია და 500 ლარამდე ჯდება მისი შეძენა. ასეთი სახით დამზადებულ ავეჯზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მის დამზადებას სჭირდება იგივე სამუშაო, რაც კასრის დამზადებას. ჯერ იწყობა კასრი და შემდეგ ხდება მისი ავეჯად გადაკეთება, – განუცხადა Knews.ge-ს ვასილ კალანდაძემ.
კომპანიაში მუხის კასრებს ამერიკიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან შემოტანილი ნედლეულით ამზადებენ. კასრების გასაყიდი ფასი 1700 ლარია.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“