ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით არსებული ახალი პრობლემები და გამოწვევები

 (photo: )

გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ კომპლექსური გეგმისა, რომელიც ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკის პრევენციას ითვალისწინებს. გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, მოქალაქეები გვარის შეცვლის შედეგად, რამდენჯერმე, სხვადასხვა გვარით ახერხებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას, რაც დანაშაულია.
„მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა შემუშავებული. ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი. დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურას, გარკვეულწილად, ართულებს. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მესამე სექტორში დადებითად აფასებენ გვარის შეცვლის ახალი რეგულიაციების დაწესებას, თუმცა ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად უპირველეს ყოვლისა უნდა გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შენეგნის ზონაში უკანონო შესვლას არ აიძულებს. 
„მოსალოდნელი ცვლილებები გარკვეულწილად შეზღუდავს უკანონო მიგრაციას. მიგრაციის მიზეზი არის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც აიძულებს ადამიანებს რომ წავიდნენ სხვ ქვეყანაში. გვარის გადაკეთება არ არის მთავარი პრობლემა. მიგრაციის პროცესის შეჩერების მიზნით, ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებები უნდა განახორციელოს. მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა დაკმაყოფილდეს სამუშაო ადგილებით, რათა ცხოვრების დონე გაიზარდოს. მნიშვნელოვანია, წარიმართოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანია“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას კოტე კანდელაკი. 
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ფიქრობს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა პრობლემის მოგვარებაში მხოლოდ მცირე წვლილს შეიტანს. ვანო ჩხიკვაძე ხელისუფლებას ურჩევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაიწყოს აქტიური მოლაპარაკებები, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს. 
„ეს ცვლილება არ იქნება პანაცეა, მაგრამ პრობლემის მოაგვარებაში მცირე წვლილს შეიტანს. ის ხალხი, რომელიც მიდის და კრიმინალურ საქმიანობას ჩადის. ეს ერთი ხელი მოსმით პრობლემას ვერ მოაგვარებს. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრის დიდი შესაძლებლობები არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებთან გვქონდეს მოლაპარაკებები, რათა საქართველო გახდეს უსაფრთხო ქვეყანა და განცხადების მიღება, თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს“, - აღნიშნავს ჩხიკვაძე. 
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%–ით გაიზარდა. 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი 43%–ით შემცირდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 1,3 მილიონს შეადგენდა. 
საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2016 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლა 180 დღის ვადაში 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“