კახელი ფერმერები რძისა და ღვინის წარმოების უცხოურ გამოცდილებას გაეცნენ

კახეთში მცხოვრებ ფერმერებს რძის, ყველის წარმოებისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე უცხოურ გამოცდილებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

შეხვედრა, #დაიმუხტეწარმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“, კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ჟურნალისტები ევროპული ინტეგრაციისთვის“ ორგანიზებით თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა. 
ორგანიზაციის დირექტორი მარი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ვორკშოფის ფარგლებში მოწვეულმა ევროპელმა და ადგილობრივმა ფერმერებმა მეწარმეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ ფერმერებს ესაუბრნენ აგროპროდუქციის წარმოების სპეციფიკაზე, გამოწვევებზე, პროდუქტის შეფუთვასა და მარკეტინგზე, პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ევროპულ ბაზარზე მოხვედრისთვის საჭირო სტანდარტიზაციასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია წარმატებული ფერმერული საქმიანობისთვის. 
შეხვედრას შვეიცარიელი ფერმერი, ფრენსის ბელსერი, გერმანელი მეღვინე ჰილარიუს პუტცი და ქართველი ფერმერები: მეფუტკრე იოსებ ხუროშვილი და კენკროვანი კულტურების მწარმოებელი იზოლდა ქიტესაშვილი უძღვებოდნენ.
„ღონისძიება ხორციელდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ადგილობრივ ფერმერებს გავუზიაროთ ცოდნა, გამოცდილება, მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია იმისათვის, რომ მოახდინონ პროდუქტის დივერსიფიკაცია, შეძლონ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შემდგომ მისი ევროპის ბაზარზე ექსპორტირება. ჩვენ ამისთვის მოწვეული გყვავს ქართველი და უცხოელი გამოცდილი ფერმერები, რომლებიც წლებია ამ საქმიანობას ახორციელებენ წარმატებით. როცა ჩვენ ამ პროექტზე ვმუშაობდით და მაშინ ვსაზღვრავდით პრიორიტეტებს და ვინ უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები ვინც ფერმერებს გამოცდილებას გაუზიარებდნენ. შევარჩიეთ წარმატებული ქართველი და ევროპელი ფერმერები, რომლებიც რამდენიმე წელია საქართველოში ახორციელებენ საქმიანობას და იციან პრობლემები, გამოწვევები აქვთ ადგილობრივ ფერმერებს. სწორედ ამიტომ, ეს არ არის თეორიული ცოდნის მიწოდება, ეს არის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იმისთვის რომ თითოეული ფერმერის წარმოება იყოს წარმატებული“, - განუცხადა knews.ge-ს მარი ჯავახიშვილმა.
უცხოელი ფერმერები მეწარმეების მთავარ პრობლემად განათლებას მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ თეორიული ცოდნის გარდა, აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რომელიც ფერმერებს წარმოების გაზრდასა და უსაფრთხო პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება. 
„გამოცდილების გაზიარება არის ყველასთვის მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი განსხვავება ჩვენსა და ქართველებს შორის ის არის, რომ ჩვენ ვართ მიჩვეული ბაზარზე დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ, ეს კი საქართველოსთვის ახალია. მე პროფესიით მეღვინე ვარ და საქართველოში 11 წელია ვმუშაობ. აღფრთოვანელბული ვარ იმ ხარისხით, რომელსაც ბუნება ზრდის საქართველოში. მიხარია ის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო მწარმოებელი გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ მთავარ პრობლემა არის განათლება. აუცილებელია პრაქტიკული განათლების მიღება იმისთვის, რომ ვაწარმოოთ უკეთესი ხარისხის პროდუქტი“, - განუცხადა knews.ge-ს გერმანელმა მეღვინემ ჰილარიუს პუტციმ.
„წლებია აგრო სექტორში ვმუშაობთ და ვიცით, რა პრობლემები აქვთ ფერმერებს. მე რამდენიმე წელია საქართველოში ვმუშაობ. როცა უცხო ქვეყანაში მივდივართ რომ დავიწყოთ საქმიანობა, მანამდე ბევრს ვსწავლობთ, ვმუშაობთ ჩვენს თავზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად ვიცით და არ არის აუცილებელი ადგილობრივებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების ჩვენს საქმიანობაში გაზიარება. ქართველმა ფერმერებმა კარგად იციან, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა. შეხვედრებზე ისინი ინტერესდებიან, როგორ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და არასამთავრობოებთან და როგორ ვიღებთ მათგან თანადგომას’’,- განაცხადა შვეიცარიელმა ფერმერმა, კომპანია ,,ალპური ოქროს” დამფუძნებელმა ფრენსის ბელსერმა.
ქართველი ფერმერები აგრო სექტორის განვითარების პროცესში არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების, ქართველი და უცხოელი ექსპერტების და სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი უცხოელი ფერმერების გამოცდილების გაზიარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. 
,,ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც ძალიან რთული გზა აქვთ გავლილი წარმატების მიღწევამდე. ჩვენს ქვეყანაშიც თითქმის იმავე პრობლემებს ვაწყდებით და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ხდება ერთობლივად. ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს იმისთვის, რომ ვიმუშავოთ ერთად, გავიზიაროთ მათი გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები’’, - განუცხადა knews.ge-ს კენკროვანი კულტურების მწარმოებელმა იზოლდა ქიტესაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“