არასამთავრობო სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები

 (photo: )

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევები და შესაძლებლობები, - ამ თემაზე კახეთის რეგიონალურმა ჰაბმა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ჩაატარა. 

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ძლიერ და სუსტ მხარეებზეც იმსჯელეს. მესამე სექტორში მთავარ გამოწვევად არასამთავრობოებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობასა და რეგიონიდან კვალიფიციური კადრის გადინებას ასახელებენ. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი ნანა ნერსეზაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის საინფორმაციო სივრცეს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შორის კომუნიკაციას. 
„არასამთავრობო სექტორში ბევრი გამოწვევაა. ეს არის ნაკლები კომუნიკაცია ერთმანეთთან. არ ვიცნობთ ერთმანეთს, ნაკლებად გვაქვს ურთიერთობა. ძალიან კარგი იქნება, თუ შეიქმნება სივრცე, ჩვენ გვეცოდინება კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რა მიმართულებით მუშაობენ, რა პროექტებს ახორციელებენ“, - განუცხადა knews.ge-ს ნანა ნერსეზაშვილმა. 
ნერსეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებზეც საუბრობს. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი მიუთითებს, რომ მესამე სექტორს რეგიონის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს. 
„ძლიერი მხარე არის ის, რომ კახეთს გამოცდილი არასამთავრობო სექტორი ჰყავს. ვფიქრობ, რომ საკმაო გამოცდილება აქვს ორგანიზაციის ინსტიტუციური და მდგრადი განვითარების მიმართულებით, ისე იმ აქტივობებით, რომლებსაც ისინი რეგიონში მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებენ. კახეთის არასამთავრობო სექტორი არის ძალიან კარგი საყრდენი რეგიონის მმართველობითი ორგანოებისთვის. მათ ჰყავთ მძლავრი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გამოცდილება გაუზიარონ, ინფორმაცია მიაწოდონ და პროფესიონალურად ჩაერთვებიან ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებაში“, - აღნიშნავს ნანა ნერსეზაშვილი. 
მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის „ნადიკვარი მეგობრობა განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი. ნანა იმერლიშვილის აზრით, აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციებმა რესურსები გააერთიანონ და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმუშაონ. 
„როგორც დღევანდელი ფოკუს ჯგუფის შეხვედრისას ავღნიშნეთ, არასამთავრობო სექტორს დაუგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება. ძალიან დიდი ადამიანური რესურსია არასამთავრობო ორგანიხაციების ხელისუფლებასთან ურთიერთობის, ხალხთან ურთიერთობის, პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების. საჭიროა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები და პრობლემების ერთად გადაჭრაზე ვიმუშაოთ“, - აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნანა იმერლიშვილი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“