"უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია არ აქვს"

შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის 28 მარტს ამოქმედდა, თუმცა მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც სახელმწიფო საზღვარს კვეთავენ, გარკვეული სახის პრობლემები ექმნებათ. 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მკვლევარ-ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა შენგენის ზონაში გადასვლისას არ შეექმნათ გარკვეული სახის პრობლემები. გობრონიძე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოსთვის დიდი მონაპოვარია და მისი დაცვა და გაფრთხილება თითოეული მოქალაქის მიერ სავალდებულო და აუცილებელია.
აღნიშნულ საკითხებზე საიას მკვლევარმა უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროპაში თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ზრდის ტენდენციის პრევენციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
,,ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით და ვმართავთ პარალელურ შეხვედრებს კახეთის რეგიონში. უნდა აღინიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ინფორმირება ამ კუთხით არის მეტად საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია არ აქვს. ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ იცის, რა რისკებთან არის დაკავშირებული ევროპაში წასვლა, არალეგალური მოგზაურობა ან არალეგალურად დარჩენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის, რომ ვიზალიბერალიზაცია არის არა მხოლოდ შანსი საქართველოსთვის, არამედ პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქისათვის. ეს არის მონაპოვარი საქართველოსთვის, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება, დაცვა და ეს არის თითოეული მოქალაქის ვალი’’ ,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი გობრონიძე.
ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ისინი საინფორმაციო კამპანიაში არიან ჩართულები, რომლის მიზანია საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის წესები კიდევ ერთხელ შეახსენონ. მარიამ დოლიძის თქმით, კამპანიის მიზანია ვიზალიბერალიზაციის წესების შემდგომი დარღვევისა და ევროკავშირის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია. 
,,უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კამპანიის მესამე ტალღა დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება გამოიყენონ ევროპაში, შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზოდ მოგზაურობით სარგებლობა. ამასთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად დაგეგმა საინფორმაციო კამპანია და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ არასამთავრობოებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ საზოგადოების წევრები, ექსპერტები და თვითმმართველობის წარმომადგენლები’’,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ დოლიძემ.
მესამე სექტორში რეგიონებში მსგავს საკითხებზე შეხვედრების ჩატარებას დადებითად აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავი ჩემი ქალაქია“ წარმომადგენლის, ზურაბ აბუაშვილის აზრით, იმისთვის, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ვიზალიბერალიზაციის საკითხების შესახებ ინფორმირებული მოქალაქეების გაზრდას. 
,,მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია, ეს ის საკითხია, რომელიც დაინტერესებას იწვევს და ბევრი ინფორმაცია არ გაქვს. ბევრ მოქალაქეს იმის გამო, რომ არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, პრობლემები ექმნება და იმისთვის რომ სრულად ისარგებლონ და გამოიყენონ ის სიკეთეები, რომლებსაც ევროპასთან თანამშრომლობა გვაძლევს, აუცილებელია სრული ინფორმაციის ცოდნა, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ, რომ არ შეექმნათ პრობლემები’’, - განუცხადა knews.ge-ს ზურაბ აბუაშვილმა.
საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გასული წლის 8 მარტს გამოქვეყნდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, შენგენის ზონაში, ვიზის გარეშე, 180 დღის ვადაში, 3 თვის განმავლობაში შევიდნენ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“