თელავში ფერმერ ქალთა კლუბის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

თელავში ფერმერ ქალთა კლუბის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. 

 

პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ რეგიონული ჰაბის მიერ და „მშვიდობის კორპუსის“ მხარდაჭერით ხორციელდებოდა, ითვალისწინებდა აგრარულ ბიზნესში ჩართულ ქალთა სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორი მაია მამულაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 30-მა მეწარმე ქალმა ორთვიანი ინტენსიური ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში მიიღო ინფორმაცია ბიზნესის დაგეგმარების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და გაყიდვების მიმართულებით.
,,ორგანიზაციის ამერიკელმა მოხალისე სარა დიშმა და ჩვენ ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია დავამუშავეთ, შევარჩიეთ კახეთის მასშტაბით 30 ქალი, რომელიც ჩართულია აგრობიზნესში ან აქვს პერსპექტივა აგრობიზნესის განვითარების. შერჩეულმა მეწარმეებმა გაიარეს ტრენინგ-კურსები, რომელშიც შედიოდა მარკეტინგი და მენეჯმენტი, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესება, ბიზნეს გეგმების შემუშავება და სხვა. ვფიქრობთ, ეს დიდი დახმარება იყო ქალებისთვის და ამ პროგრამამ მათ საშუალება მისცა, კიდევ უფრო გააფართოვონ ბიზნესი და სრულყონ თავისი პროდუქცია. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, რომ გააგრძელოს ფერმერ ქალთა კლუბის დაწყებული პროგრამა და უფრო მეტი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და დაკავშირება მოხდეს ამ ბენეფიციარებს შორის ‘’,- განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
ტრენინგები 2018 წლის მარტსა და აპრილში მიმდინარეობდა. ,,მედია ცენტრი კახეთის’’ ამერიკელი მოხალისე, სარა დიში აცხადებს, რომ პროგრამამ ხელი შუწყო მეწარმე ქალებს აგრო ბიზნესში ჩართულ სხვა ქალებთან კომუნიკაციის დამყარებაში და ამავე დროს მათი საქმიანობის გაფართოებას. აღნიშნული პროექტი სარა დიშის ინიციატივით განხორციელდა.
,,მეწარმეებს ჩაუტარდათ ტრენინგების ოთხი მოდული. მათ ისწავლეს, როგორ გადაიღონ კარგი ფოტოები, როგორ გამოიყენონ ინტერნეტი რეკლამისთვის, როგორ მონიშნონ გუგლის რუკაზე თავიაანთი ბიზნესის ადგილმდებარეობა და სხვა. პროგრამაში ჩართული ქალების ძირითადი ნაწილი აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ კოოპერაციას და დაკავშირებას აგრობიზნესში ჩართულ სხვა ქალებთან. ჩვენი მიზანი იყო, რომ დავხმარებოდით მათ ბიზნესის გაფართოვებაში“, - განუცხადა knews.ge-ს სარა დიშმა.
რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერი თიკა რევიშვილი. ის მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებაზე.
,,ერთობლივი თანამშრომლობით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება, იქნება მდგრადი და ის ცოდნა, რაც ქალებს გადაეცათ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათი მცირე ბიზნესის განვითარებაში. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთთან’’, გვიხარია, რომ ჩვენი მოხალისე ასე აქტიურად მუშაობს ადგილზე და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრ საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებენ’’.
აღნიშნული ტრენინგ-პროგრამის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ პროექტის მონაწილეებიც. ისინი ამბობენ, რომ სამეწარმეო უნარების განვითარება, სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება და საქმიანობაში დანერგვა მათი ბიზნესსაქმიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, საუბრობენ მეწარმეებს შორის თანამშრომლობის და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გამოვლენის აუცილებლობაზეც.
,,ძალიან მიშვნელოვანი პროგრამა იყო და დამეხმარა, რომ მიმეღო ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის განვითარებისთვის. ვისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ რესურსი რეკლამისთვის, როგორ ვისაუბროთ ბიზნესის შესახებ და სხვა. ამ ტრენინგის ყველაზე ძლიერი მხარე ალბათ არის ის, რომ გავიცანი ბევრი მეწარმე ქალი, რომლებსაც იგივე პრობლემები აქვთ და ვმსჯელობდით ერთად მის მოგვარებაზე‘’, -განუცხადა knews.ge-ს მეწარმემ თამარ მიქელაძემ.
,,ბევრი რამ ვისწავლე, რაც სამომავლოდ გამომადგება ბიზნესის განვითარებისთვის. ტრენინგის გავლის შემდეგ ბევრ საკითხს სხვა თვალით შევხედე. კარგი იქნება, თუ გაგრძელდება ტრენინგები’’,- განუცხადა Knews.ge-ს მეწარმე ზოია წიწილაშვილმა.
პროექტის დასკვნით კონფერენციას კახეთის გუბერნატორი დაესწრო. ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ეკონომიკის სფეროში არსებული ახალი გამოწვევების დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების მქონე მეწარმეები, ამიტომ აუცილებელია მსგავსი პროექტებისა და პროგრამების დანერგვა.
,,ქალს ყოველთვის ჰქონდა გამორჩეული ადგილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და დღეს გვაქვს ახალი გამოწვევები, რომლებიც მათგან ითხოვს ახალ უნარებს და ცოდნას. ის ტრეინინგ-კურსი, რომელიც კახეთის რეგიონის ფერმერმა ქალბატონებმა გაიარეს და გამოცდილება, რაც მათ მიიღეს პროექტის ფარგლებში, მომავალში გახდება გადამდები სხვა დაინტერესებული პირებისთვის’’, - განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“