ტვინების გადინება კახეთიდან

"ტვინის გადინება" - თანამედროვე საქართველოს რეალობა და პრობლემა, რომლის მოგვარების გადადებაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს - ასე ხედავენ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ მასობრივ წასვლასა და დასაქმებას ექსპერტები. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, კახეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში გასული 18-25 წლის შიდა მიგრანტების რაოდენობამ შეადგინა 11 128 კაცი, ხოლო სხვა ქვეყანაში კი 795 ახალგაზრდა მოქალაქე წავიდა საცხოვრებლად. 
ქალაქ თელავში მცხოვრებმა ეკა სესიკაშვილმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა წარჩინებით დაამთავრა. ის თავიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ეკა ამბობს, რომ თესაუში არ ჰქონდა შესაძლებლობა სწავლის პროცესში შეეძინა ის აუცილებელი პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რომლებიც სამომავლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოადგებოდა. სესიკაშვილი, ასევე, მიუთითებს, რომ კახეთში ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება არ აქვთ და რეგიონში დასაქმების შანსი არ არსებობს. 
„თელავის უნივერსიტეტში არ არსებობს არანიარი ტექნიკა და პრაქტიკული მეცადინეობები არის შედარებით ნაკლები, ვიდრე თეორიული. დასაქმების შანსი რეგიონში არის ძალიან ნაკლები, აქედან გამომდინარე მივიღე იმის გადაწყვეტილება, რომ გადავსულიყავი თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო კარგად შემესწავლა ყველაფერი პრაქტიკასთან ერთად, დასაქმების შანსიც უფრო მეტია“, – განუცხადა knews.ge–ს ეკა სესიკაშვილმა. 
შრომითი ბაზრისთვის კადრებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამზადებს, თუმცა რეგიონში მცხოვრები ახალგახრდების დიდი ნაწილი სწავლას სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ამჯობინებს. სტატისტიკური ინფორმაციით, ყოველწლიურად თესაუ ვაკანტური ადგილების მხოლოდ 40%–ს ავსებს. 
2015 წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიის საბაკალავრო პროგრამებზე გამოცხადებულ 700 ადგილზე მხოლოდ 230 აბიტურიენტი ჩაირიცხა. 2016 წელს 700 ადგილზე თესაუს 278 სტუდენტი შეემატა, ხოლო 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით კი 585 ადგილზე 271–მა აბიტურიენტმა ჩააბარა.
„2005–დან 2010 წლამდე ჩარიცხული სტუდენტების დიდი რაოდენობა ირიცხებოდა, ვიდრე ეროვნულ გამოცდებამდე. პირველ ეროვნულ გამოცდებზეც დიდი რაოდენობით სტუდენტი ჩაირიცხა. ამ ჯგუფებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს და შესაბამისად დარჩა ბევრი ვაკანტური ადგილი, რომლებსაც უნივერსიტეტი სრულად ვერ ავსებს. ამის კიდევ ერთი მიზეზი არის კატისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილთა დიდი რაოდენობა“, – განუცხადა knews.ge–ს თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, შალვა ჭკადუამ. 
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერება და შობადობის მატების ხელშეწყობა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევაა. რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლიზი სოფრომაძე მიუთითებს, რომ დაბერების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ვერ განვითარდება ეკონომიკა, ვერ გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება. 
„ახალგაზრდების მიგრაციის საკითხი დგას მთელ საქართველოში. ახალგაზრდას სჭირდება განათლება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დასაქმება, გართობა. ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ის მიდის დიდ ქალაქში. ერთი მხრივ ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც ახალგაზრდა უკეთეს საცხოვრებელ პირობებს ირჩევს, მეორე მხრივ ეს გამოწვეულია ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ფაქტორებით“, – აღნიშნავს ლიზი სოფრომაძე. 
ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეგიონის განვითარების სტრატეგიაში დეტალურად უნდა გაიწეროს, თუ რა პროგრამები და პროექტები უნდა განხორციელდეს, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში განახორციელონ საკუთარი მიზნები. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შექმნას ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები და აწარმოოს კამპანია, რომელიც დაანახებს ემიგრირებულებს, თუ რამდენად სჭირდება საკუთარ ქვეყანას მათი ინტელექტუალური რესურსი.

 

 

 

 

 
 
 

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“