სოფელ მატანში 100 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა

 (photo: )

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ძლიერი სეტყვის შედეგად 100 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა. 

ადგილობრივების თქმით, სტიქიამ, რომელიც 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, მოსავლის 80% გაანადგურა. 
,,ძლიერი სეტყვა იყო, ყველაფერი გაანადგურა. ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა. არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ვისაც დაზღვეული არ გვქონდა მოსავალი, წელს ყურძენი აღარ გვექნება. მაგით ვინახავდით ოჯახებს'',- განუცხადეს knews.ge-ს სოფელ მატანის მცხოვრებლებმა. 
სოფელ მატანში დაზარალებულ მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. სოსო ქარუმაშვილის თქმით, მევენახეების ნაწილს, რომელსაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. 
,,მე ვიყავი ადგილზე, ვნახე დასეტყვილი ადგილები და მოსახლეობას გავესაუბრე. იმ მევენახეებს, რომლებსაც ვენახი დიდ ფართობზე აქვთ გაშენებული, მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ, ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებთ. ის მევენახეები, რომლებსაც არ ჰქონდათ დაზღვეული მოსავალი, ცუდ მდგომარეობაში არიან. სადაზღვევო კომპანიამ დაიწყო უკვე მუშაობა, პარალელურად ჩვენც ვმუშაობთ ზარალის დათვლაზე'', - აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას სოსო ქარუმაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“