სოფელ ველისციხის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იგეგმება

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იგეგმება. გურჯაანის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,,არსი" განახორციელებს.

გურჯაანის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის, ნინო ნინოშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელში არსებული მცირე მარნების, სასტუმროების და სხვა აგროტურისტული ობიექტების შესწავლა. მისი თქმით, ხელისუფლების გეგმაა, რომ სოფელი ველისციხე გახდეს ტურისტული ცენტრი, რომელიც ადგილობრივების ფინანსურად გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 
,,აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ და გვინდა, სოფელი ველისციხეც გახდეს ტურისტული ცენტრი, რადგან აქ არის ბევრი საოჯახო მარანი, რომლითაც ტურისტების დაინტერესება დიდია’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა. 
გურჯაანის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტ თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, ველისციხე ერთ-ერთი ყველაზე ძველი სოფელია საქართველოში, რომელიც ისტორიულ წყაროებში (მატიანე ქართლისა) მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება სოფელ ჭერემთან ერთად. მისი თქმით, მე-18 საუკუნეში ველისციხე დარეჯან დედოფლის კუთვნილი სოფელი იყო, სადაც ფუნქციონირებდა სხვადასხვა საწარმო: სამღებროები, სამჭედლოები, სავაჭრო დუქნები, სამიკიტნოები და სხვა.  სოფლის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმინდა გიორგის, ყველაწმინდის(VI ს), წმინდა მარიამის, ბარბარეს სახელობის ეკლესიები და ალაზნის პირას მდებარე ,,მამისაანთ" საყდარი(VII ს).
,,მამისაანთ" საყდარი(VII ს). სოფელში ეკლესიების გარდა შემორჩენილია ციხე-დარბაზის ფრაგმენტები (IX ს), სადაც ძველ დროში დამნაშავეებს ასამართლებდნენ. სოფელში შემორჩენილია მე-XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ყურადღებას იქცევს ლამაზი ფასადებით და სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტით. მათი შენარჩუნება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია და ის ხელს შეუწყობს სოფელში ტურისტების მოზიდვას და მოსახლეობის დასაქმებას. სოფელში მრავლად არის ღვინის ძველი მარნები, რომლებიც საინტერესო ტურისტულ ობიექტებს წარმოადგენენ. გურჯაანის თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ სოფელმა დაიბრუნოს ძველი იერ-სახე, დაიწყოს ძველი უბნების რეაბილიტაცია და კეთილ მოწყობა და სოფელი ჩაჯდეს ტურისტულ მარშრუტში. ველისციხესთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ჭერმის-ნაქალაქარის აღორძინებისათვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის. ჭერმის-ნაქალაქარი ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია და მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი'',- აღნიშნა თამაზ მარკოზაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“