ლაგოდეხის სოფელ განჯალაში საპროტესტო აქცია გაიმართა

 (photo: )

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ერთი წლის წინ, ხე-ტყით დატვირთული სამი ავტომანქანა მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა და საჯარიმოზე გადაიყვანა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯარიმის გადახდის და სასამართლოს მიერ ორ შემთხვევაში მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ ავტომობილებს ერთი წელია არ უბრუნებენ. ადგილობრივებმა ჩამორთმეული სატვირთოების დროული დაბრუნება მოითხოვეს. აქციაზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.

როგორც knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, სამიდან ორი სატვირთო მანქანა დღეს ორ მფლობელს უკან დაუბრუნეს და საჯარიმოზე ხე-ტყით დატვირთული ერთი ავტომობილი რჩება.
,,იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ეხმარებოდეს ხალხს, დაკავებულია ხალხის ჩაგვრით. ხალხის სასარგებლოდ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ხალხს არ უბრუნდებოდა შეშით დატვირთული ავტომობილები და 1 წელია გაჩერებული ლპებოდა, როგორც შეშა, ისე ავტომობილები. როგორც კი დღევანდელი აქცია დაიგეგმა და ჩემი და "ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გურამ კაკალაშვილის სატელეფონო კონტაქტი შედგა აღნიშნულ მოსახლეობასთან, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ამ ხალხს, 3 ავტომობილის მეპატრონისგან 2-ს დაუბრუნეს წუხელ, ერთს კი დღეს ჩააბარეს დაბრუნების დოკუმენტი", - განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“