გურჯაანის აღმოჩენა შესაძლოა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძველი ქვის ხანის პერიოდის პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო შესაძლოა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს. 

სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენას კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთას დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტმა განუცხადა, დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზე გავრცელებულ სადგომ-სახელოსნოში ათასობით არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობითა და სიძველით უმნიშვნელოვანესია. თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სადგომ-სახელოსნოს ტერიტორიაზე კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღია აღმოჩენილი. 
მისივე თქმით, სადგომ-სახელოსნო, მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით, აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი.
,,ზიარ-ფხოველში არქეოლოგიური გათხრები უკვე მეოთხე წელია, რაც მიმდინარეობს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია ნიკა თუშაბრამიშვილი. წელს არქეოლოგიური სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, გასული წლებისგან განსხვავებით ჩატარდა სამუშაოები მხოლოდ ზიარში, სადაც აღმოჩენილია ძველი ქვის ხანის, ქვედა პალეოლითის ხანის სადგომი -სახელოსნო, რომლის ასაკიც დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით განისაზღვრება. ექსპედიციის ხელმძღვანლის აზრით, შესაძლებელია, რომ არტეფაქტების ასაკი უფრო ძველიც იყოს. ექსპედიციის წევრები ეტაპობრივად მიწის ქვედა ქანებში ჩადიან და მათი აზრით, ზიარის აღმოჩენა შეიძლება გაუტოლდეს ბოლნისის აღმოჩენებს. აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანა, რადგან მისი დახმარებით ირკვევა, რომ ნახევარი მილიონი წლის წინ ამ ტერიტორიაზე უცხოვრია პირველყოფილ ადამიანს, რომელიც ადგილობრივი ქანის ქვისგან ამზადებდა სხვადასხვა დანიშნულების იარაღს. აქ ასევე აღმოჩენილია სხვადასხვა ბასრი იარღიც, რომლის დახმარებითაც მაშინდელი ადამიანი ამზადებდა ხორცს, ძვალს, მოიპოვებდა საკვებს და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტირიაზე დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ შესაძლოა ყოფილიყო ოკეანის საფარი, რადგან ქვის ქანებში აღმოჩენილია ნიჟარები, მოლუსკები, თევზები და ამის შესწავლაც პარალელურად მიმდინარეობს. ამ პროცესში ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც არიან ჩართულები’’,- განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.
მისი თქმით, კავკასიაში ეს არის ერთადერთი ღია ტიპის საწყობი სახელოსნო, რომლის ანალოგი არ არსებობს. მარკოზაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ღია ტიპის მუზეუმის მოწყობა, რის შემდეგაც ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური ძეგლი მოხვდება ტურისტულ მარშრუტში და შესაძლებელი იქნება ტურების მოწყობა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“