ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში ცვლილებების შეტანა 3 ოქტომბრამდე შეეძლებათ

 (photo: )

ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრამდე შეეძლებათ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. უწყების ცნობით, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მოქალაქე, ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი. ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეეძლებათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე გამოიკვრება არაუგვიანეს 21 სექტემბრისა.
„ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით საკუთარი მონაცემების გადამოწმებას უსინათლო ამომრჩევლებიც შეძლებენ. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლები ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 
ცესკო მიმართავს რეგისტრაციიდან მოხსნილ და მისამართის გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს - 14 სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდნენ იუსტიციის სახლებში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“