შალაურში მოსავლის 80%, კურდღელაურსა და ნასამხრალში 30% განადგურდა

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ნასამხრალი, კურდღელაური და შალაური დააზარალა. 

როგორც Knews.ge–ს სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებმა განუცხადეს, შალაურში ზარალის ოდენობა 10–დან 80%–მდე მერყეობს, ნასამხრალსა და კურდღელაურში კი ვენახების 30% დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. თელავის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 180 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა. 
„ძალინ ძლიერი სეტყვა იყო და ზარალიც დიდია. შალაურში დაახლოებით 250 ჰექტარი ვენახია, საიდანაც 130 ჰექტარი დაისეტყვა. ზოგიერთ ვენახში მოსავლის 10% განადგურდა, ზოგგან კი – 80%“, – განუცხადა knews.ge–ს სოფელ შალაურში გამგებლის წარმომადგენელმა ალქესი ძამუკაშვილმა. 
„კურდღელაურში ვენახები 300 ჰექტარზეა გაშენებული. დაისეტყვა 30 ჰექტარი, რაც მოსავლის დაახლოებით 30%–ს შეადგენს“, – განუცხადა knews.ge–ს სოფელ კურდღელაურში გამგებლის წარმომადგენელმა გურამ ბახურაულმა. 
„თხილის ზომის სეტყვა მოვიდა. თან ძლიერი ქარიც იყო. 180 ჰექტარიდან, 17 ჰექტარი რქაწითელის ჯიშის ვენახი, 3 ჰექტარი კი საფერავი დაისეტყვა“, – აღნიშნა knews.ge–სთან საუბრისას სოფელ ნასამხრალში გამგებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბაღათრიშვილმა. 
 მათივე ცნობით, დასეტყვილ ყურძენს აკურის ღვინის ქარხანა იბარებს. 1 კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძნის ღირებულება 70 თეთრით, ხოლო საფერავისა კი 1 ლარით განისაზღვრება.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“