კახეთში ხანძრების შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან

 (photo: )

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა.

კომისიის წევრები შეისწავლიაინ არსებულ ვითარებას, დაითვლიან ზუსტ ზარალს და დაადგენენ დამწვარი ფართობის რაოდენობას.

,,კომისია დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, სპეციალისტებითა და უცხოელი ექსპერტებით. ზარალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია თვის ბოლოს გვექნება", - განუცხადა knews.ge-ს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ.

კახეთის გარდა, ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაშიც იმუშავებს. ხანძარი თელავის რაიონის სოფელ ართანას, თუშეთში, სოფელ ხახაბოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეებში 2 სექტემბერს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სამივე ადგილას, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია სოფელ ხახაბოს ტყის მასივში.

შილდის ტყეში ხანძარი რამდენიმე დღის წინ ჩააქრეს, ხოლო ართანაში, კოხტას მთის ფერდობზე ამჟამად მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად, კახეთში, 100 ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“