სასამართლომ თელავის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი 500 ლარით დააჯარიმა

 (photo: )

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ,,ლეიბორისტული პარტიიდან" თელავის მერობის კანდიდატი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და ნიკოლოზ ვარდოშვილს, ჯარიმის სახით, 500 ლარის გადახდა დააკისრა. 

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ნიკოლოზ ვარდოშვილის წინააღმდეგ 10 სექტემბერს შეადგინა.
გიორგი კალმახელიძის განმარტებით, ვარდოშვილმა დაარია საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლი, რომელიც საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში პირის 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
,,აღნიშნული პირი შემოიჭრა საოლქო კომისიაში ისე, რომ არ ჰქონდა კონკრეტული ნებართვა და არ ყოფილა არანაირი შეთანხმება. იმ დროს ოლქის წევრები და იურისტი იყვნენ თათბირის რეჟიმში, ეს კი გულისხმობს საოლქო–საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელშეშლას, წესრიგის დარღვევას’’,– განაცხადა გიორგი კალმახელიძემ.
თელავის მერობის კანდიდატი საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატად დარეგისტრირების პროცესში ხელშეშლაში ადანაშაულებს.
,,იმის გამო, რომ მერობის კანდიდატმა ოლქის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვა და მას სასამართლოში უჩივიან, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. მე რამდენჯერმე მივედი საოლქო კომისიაში, მაინტერესებდა გარკვეული საკითხები, იმისთვის რომ კანდიდატად რეგისტრაცია გამევლო, მაგრამ მან კონსულტაცია არ გამიწია, რადგან პირადი დაპირისპირება აქვს ჩემთან. როდესაც მივედი ოლქში ჟურნალისტებთან ერთად, ყველამ ნახა მაშინდელი გადაღებული ვიდეო კადრები, რომ შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და მან პოლიცია გამოიძახა’’, – აღნიშნა ნიკა ვარდოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნიკა ვარდოშვილი თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას ითხოვდა. იგი გიორგი კალმახელიძესთან საკუთარ მხარდამჭერებთან და ჯურნალისტებთან ერთად მივიდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ კი თელავის მერობის კანდიდატისა და მისი მხარდამჭერების შენობიდან გასაძევებლად პოლიცია გამოიძახა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“