,,ევროპული საქართველოდან" თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი იქნება

პარტია „ევროპული საქართველოდან" თელავის მერობისთვის ლელა მენთეშაშვილი იბრძოლებს.

პარტია „ევროპული საქართველოდან" თელავის მერობისთვის ლელა მენთეშაშვილი იბრძოლებს. მენთეშაშვილის ინფორმაციით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტში პენსია 30 ლარით მოიმატებს. მისივე განმარტებით, საპენსიო დანამატისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 
,,ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ პენსიები. ჩვენი გამოთვლებით, თელავში პენსიის 30 ლარით გაზრდაა შესაძლებელი", – განაცხადა ლელა მენთეშაშვილმა.

თელავის გარდა, პარტიის ლიდერებმა კახეთის კიდევ 4 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინეს. სიღნაღის მერობის კანდიდატი იქნება მალხაზ ფეიქრიშვილი, ყვარლის მერობისთვის გოგიტა წიწრიაშვილი იბრძოლებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის პოსტის დაკავებას შეეცდება ივანე შანშიაშვილი და ახმეტაში კი კენჭს იყრის გელა ჭვრიტიძე. 
„კახეთში წარვადგინეთ ძლიერი კანდიდატები. ჩვენ გვაქვს გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხმა პენსიის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი დაპირებაა ყველა რაიონში საპენსიო დანამატის შემოღება, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარება, კანალიზაცია, გზები, გაზიფიკაცია. ამ საკითხების მოგვარება არის საფუძველი იმისა, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთესად", – განუცხადა knews.ge-ს დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარტიამ აგვისტოში გურჯაანის მერობის კანდიდატად გოგა პეტრუზაშვილი, საგარეჯოში ამირან სონიშვილი და ლაგოდეხში გიორგი ენუქიძე წარადგინა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“