პრემიერი – დროებითი ცვლილება მიწების უცხოელებზე გასხვისებას გამორიცხავს

 (photo: )

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს გამოეხმაურა. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში.
საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე. კომერციულ ბანკებს ექნებათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ.
2017 წლის 16 ივნისს 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“