სიღნაღში ზეთისხილის რთველი გაიმართება

 (photo: )

დღეს, 12:00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ზეთისხილის რთველი გაიმართება. 

ზეთისხილის რთველში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 
სოფელ საქობოში ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი ქარხანა „ქართული ზეთისხილი“ 2016 წელს გაიხსნა. საწარმო ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით, პროექტ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა. 
,,ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთის ხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. აქ ნაწარმოები ქართული ზეთისხილის პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა, პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია კარფურისა და სხვა საერთაშორიოსო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს’’,– განაცხადეს კომპანიაში.
კომპანია წიბწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“