სამართალდამაცვებმა კახეთში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

 (photo: )

შინაგან საქმეთა სამინისტროს, დედოფლისწყაროში, წნორსა და თბილისში, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ექვსი პირი დააკავა.

 ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო პერიოდში შს სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუმა" და კიდევ სამი სხვა პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. გამოძიებამ, ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომელთაც ბრალდებულებმა იარაღს მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ჰყავდათ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები ამოიღეს.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობასა და კავშირს ლავას ოღლისთან, კაკო ტბილისკისთან, "ტოტორინისთან", "ენცოსთან" და ა.შ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“