თელავში ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

 (photo: GIO ZHAMERASHVILI 555130545)

თელავის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, (ჭადრის ქუჩა #2) 15 თებერვალს, 18:00 საათზე, ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება.

ჩეკურიშვილის თქმით, გამოფენაზე სხვადასხვა თემატიკის 80-მდე ფოტო იქნება წარმოდგენილი. პერსონალური გამოფენა 22 თებერვლამდე გასტანს.

,,ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენაზე 80 ფოტო იქნება წარმოდგენილი და რაიმე კონკრეტული ჟანრით არ შეიზღუდება. იგი ნაწილობრივ შეაჯამებს რამდენიმეწლიან მუშაობას და დამთვალიერებელს სხვადასხვა სტილის ფოტოებით წარუდგენს ჩემს ანუ CHEKI Photography-ს მუშაობას. ვფიქრობ, ეს გამოფენა უმნიშვნელოვანესია და ხელს შემიწყობს სამომავლოდ პროფესიულ ზრდაში. გამოფენა ოფიციალურად 15 თებერვალს გაიხსნება და 22 თებერვლამდე გაგრძლდება. დახმარებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო თელავის მერიას და კულტურის განყოფილებას, ასევე, ქალბატონ ია მახათელაშვილს, რომელმაც მოიძია სპონსორი და მომცა საშუალება ჩემი პატარა ოცნება რეალობად მექცია’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ჩეკურიშვილმა.

გიორგი ჩეკურიშვილი ფოტოგრაფიით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. მისი თქმით, მან საყვარელი საქმიანობა ნასესხები ფულით ნაყიდი 1 ფოტოაპარატით დაიწყო, დღეს კი რეგიონში ერთ–ერთი ცნობილი ფოტოგრაფია, რომლის მომსახურებას საკმაოდ ბევრი მოქალაქე ითხოვს. გიორგი ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომა.

,,ფოტოგადაღების ხიბლი 18 წლის ასაკში შევიგრძენი, როდესაც გაზეთ ,,კახეთის ხმაში" დავიწყე მუშაობა და შემეძლო ციფრულ ტექნიკასთან ერთად ქალაქში გასვლა და ნიუსებს შორის გასავლელ გზაზე საკუთარი სიამოვნების მიღებაც. შემდეგ მივხვდი, თუ რა იყო პროფესიონალად ჩამოყალიბებისაკენ მიმავალი გზა, რისთვისაც პირველი საფეხური საკუთარი კამერის ყიდვა იყო. მაშინ ფინანასურად არც ისე მდგრადი ვიყავი, თუმცა მაინც გავბედე და ჩემი პირველი კამერა ვიყიდე. უკვე დაახლოვებით სამი წელია, რაც საკუთარი კამერა მაქვს და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ტექნიკური არსენალი საკმაოდ გავაფართოვე, რაც ძალიან მიწყობს ხელს უკეთესი ხარისხის მიღწევაში, თუმცა ამის გარდა არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ვერ იყიდი. ეს ის მცირედი ისტორიებია, რომლებიც თითოეულ ფოტოში უნდა ჩაიდოს’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ჩეკურიშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“