ჭერემის წმ. გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფ.ჭერემში მდებარე გვიან შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. ჭერემის წმ. გიორგის ეკლესია დგას შუა სოფელში, საეპისკოპოსო ტაძრის ჩრდილოეთით რამდენიმე მეტრში. 
"ტაძარი დარბაზული ნაგებობაა (12.1×7.3 მ). აშენებულია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. დასავლეთის კარი შიგნიდანაც და გარედანაც არქიტრავული გადახურვით სრულდება. სამხრეთის კარი ამჟამად ამოშენებულია. ტაძარს აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო, ხოლო სამხრეთით ორი თაღოვანი სარკმელი აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ აღნიშნულ ობიექტზე სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდება და შესაძლებელია ტაძრის რეაბილიტაციის მოთხოვნა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება აუცილებელია ეკლესიის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 50 მეტრის რადიუსში ეკლესიის გარშემო აიკრძალება მიწის ფიზიკური სამუშაოები, რაც ძეგლს დაიცავს განადგურებისაგან“, - განუცხადა knews.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა.
არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, სოფელ ჭერემის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო III საუკუნის II ნახევრის ქალაქური ტიპის დასახლება და III-VII საუკუნეების სამაროვანი, ხოლო შუა საუკუნეების ქალაქი ჭერემი მდებარეობს ახლანდელი ჭერემიდან დასავლეთით, 5 კმ-ზე. ქალაქი V საუკუნეში დააარსა მეფე ვახტანგ გორგასალმა. ისტორიული წყაროების ცნობით, "ჭერემი იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალმა ეკლესია დიდშენი და ქალაქი მყარი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით კახეთისა". 
ჭერემი აღმოსავლეთიდან მომავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა (ხორნაბუჯი, ველისციხე, ჭერემი, უჯარმა). ჭერემზე გადიოდა აგრეთვე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა - ველისციხე-ჭერემი-ჩაილური. ჭერემი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სიმაგრე იყო ქართლთან პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ პოლიტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ ჭერემმა დაკარგა სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა. V საუკუნის ბოლოს, ირანის ჯარის მიერ დარბევის შემდეგ, უფრო დაქვეითდა, შეუნარჩუნდა მხოლოდ რელიგიური ცენტრის სტატუსი. 1757 წლიდან ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერემის მხარე, ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქიის მიწები ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს გადაეცა.

სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე, შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი - საეპისკოპოსო ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლე, III-VII საუკუნეების ქვის სამარხები და კიდევ ერთი ნაგებობის ნანგრევები. ძველ სასაფლაოზე დგას ძლიერ დაზიანებული წმ. დავით გარეჯელის სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“