საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს ვენახების კადასტრის შედგენაში დაეხმარება

 (photo: )

ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო

. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, ანა ლუჟი 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში კონსულტანტად იმუშავებს.

ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან.

კადასტრის აღიარებული სპეციალისტი ანა ლუჟი საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარების მიზნით, გასულ წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი ვიზიტებით სტუმრობდა. კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია; ყვარლის მუნიციპალიტეტში აღირიცხება 5533,4 ჰა, თელავში - 5477,9 ჰა და ახმეტაში კი - 1818,2 ჰექტარი ვენახი.

როგორც knews.ge–ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. უწყების ინფორმაციით, კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. 

"საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის. კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა", – განუცხადეს knews.ge–ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამა 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-2016 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 2017 წელ კი ახმეტაში განხორციელდა. პროგრამა მომავალში კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“