მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% შესაძლოა მუნიციპალურ ბიუჯეტებს გადაეცეს

 (photo: )

2025 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს დახარჯავენ, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის ახალი ეროვნული ხედვით იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობის განვითარებაში, რაც საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი ხედვა მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში.
ირაკლი კობახიძის თქმით, დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებების განცხორციელება, რომელიც ახალი ხედვის შესაბამისად განხორციელდება.
„ფისკალური დეცენტრალიზაციის შედეგად საგრძნობლად გაიზრდება თვითმმართველობის ბიუჯეტი, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, აამაღლოს ადგილობრივ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონე, მეტი და უკეთესი მომსახურება მიაწოდოს მოსახლეობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, დეცენტრალიზაციის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“