2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები უქმდება

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში არსებული ცვლილების მიხედვით, საქართველოში 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდებათ. 

ცვლილებების მიხედვით, მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მართვის მოწმობა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
,,იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1 აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას'',- განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“