გურჯაანში წარმოებული ღვინო 7 ქვეყანაში იყიდება

 (photo: )

გურჯაანში საწარმო „ბოლერო და კომპანიაში" წარმოებული ღვინო რუსეთში, ჩინეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ისრაელში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყიდება. 

როგორც knews.ge-ს საწარმოს დირექტორმა, გიორგი მჭედლიშვილმა განუცხადა, ასწლოვან „წითელ მარანში" ინტენსიურად მიმდინარეობს 700 ტონამდე ტევადობის ქვევრების აღდგენა. მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე 31 ტონიანი უჟანგავი ცისტერნებით მოწყობილია ბუნებრივი საცავი, სადაც ჰაერის ტემპერატურა მუდმივად +15-17 გრადუსი იქნება. 
,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც სახელმწიფო საწარმოს "გრუზვინპრომი" მფლობელი გახდა, საწარმოს სრული გადაიარაღებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, გაიზარდა წარმოება და, შედეგად, დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც. ღვინო ექსპორტზე გადის და რუსეთში, ჩინეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ისრაელში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყიდება. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს დამატებითი სივრცეების ასათვისებლად. წარმოების მასშტაბის გაზრდამ განაპირობა არსებული ჩამოსასხმელი ხაზის მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადაყვანა. აღნიშნული რეჟიმი 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა. ექსპლუატაციაში გაშვებულია 0,5 ლიტრამდე პატარა, სხვადასხვა ბოთლში ჩამოსასხმელი იტალიური ხაზი და თიხის ჭურჭელში ჩამოსასხმელი საამქროები. 2015 წლამდე საწარმოში „გრუზვინპრომი" 40 ადამიანი იყო დასაქმებული, პრივატიზაციის შემდეგ კი მათი რიცხვი 130-მდე გაიზარდა, დაგეგმილი ახალი სიმძლავრეეების ამოქმედების შემდეგ კი 200-ს გადააჭარბებს. 2016 წელს, რთველის დროს, საწარმომ 4000 ტონა ყურძენი ჩაიბარა, 2017 წელს 34 ათასი ტონა , წელს ახალი სიმძლავრეების ამოქმედებით მეტი რაოდენობის ყურძნის მიღებას ვგეგმავთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მჭედლიშვილმა.
ღვინის სახელმწიფო საწარმო „გრუზვინპრომის" პრივატიზაციის შემდეგ, შპს „ბოლერო და კომპანიამ" 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და სამომავლოდ 8 მლნ ლარის სიმძლავრეების დამატებას გეგმავს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“