კვირიკაშვილი - კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე

 (photo: )

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახეთის რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა. 
,,ის, რაც გაკეთდა და კეთდება შატოების და მარნების მშენებლობის მიმართულებით ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია. ჩვენ, ასევე, განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და, ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე. ასევე თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში. თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში. კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცხოვრების დონეს. იმ სტაბილურობით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა, იმ ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც შარშან დაფიქსირდა და წელს შესაძლოა უფრო მეტიც იყოს’’, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების" თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.
გუშინ მთავრობის მეთაური თელავში იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“