სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა დაიწყო

 (photo: )

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (DANIDA), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 10 000 000 ლარს შეადგენს.

როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონეახალგაზრდებისთვის, რომელთაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა სურთ. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა. 
„პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული 18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას. 
პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60,000 ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოიძიონ როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი). პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას. არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი მთლიან დაფინანსების პორტფელში 20%-ს არ აღემატება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიმართულება იმ დარგების გარდა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვასვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით", - განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდების www.apma.ge და www.danida.apma.geმეშვეობით.
პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიანი აგროპროექტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“