გურჯაანის საკრებულომ მუნიციპალური გაზეთი „გურჯაანი“ გააუქმა

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალური გაზეთი "გურჯაანი" გაუქმდა. გაზეთის ლიკვიდაციას საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განმარტებით, გაზეთი თვეში ორჯერ მცირე ტირაჟით გამოდიოდა და მოსახლეობას ინფორმაციას ოპერატიულად ვერ აწვდიდა. ნიკა გეთიაშვილის განცხადებით, მოსახლეობას მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით მიაწვდიან. 
„გაზეთი ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოდის თვეში ორჯერ. გავრცელების არეალიც ძალიან შეზღუდულია. გავრცელების ხარისხიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, მოსახლეობას ინფორმაციას ოპერატიულად არ მიეწოდება. ვაპირებთ, რომ მოსახლეობის ინფორმირების წყარო ვებ-გვერდი და საოციალური ქსელი იყოს“, - განაცხადა ნიკა გეთიაშვილმა. 
გეთიაშვილს გაზეთის ხელმძღვანელმა უპასუხა. ასმათ ნიკოლაშვილის თქმით, გაზეთის გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტები მისთვის გაუგებარია და ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 
„წესდებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ. გაზეთი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვრცელდება და მოსახლეობა აქტიურად კითხულობს. გაუგებარია, რატომ გააუქმა საკრებულომ გაზეთი“, - აღნიშნა ასმათ ნიკოლაშვილმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“