19 მაისის ღამეს კახეთის 9 მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს

 (photo: )

19 მაისს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, აქცია „ღამე მუზეუმში“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყობა. 

როგორც knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში, 21:00-დან 01:00 საათამდე, კახეთის რეგიონში 9 მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება. 
„19 მაისს, 21:00-დან პირველ საათამდე, გრემის მუზეუმი, თელავის ისტორიული მუზეუმი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი, სიღნაღის მუზეუმი, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, სიღნაღის სანდრო მირიანაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახის იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებენ. მუზეუმების ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა და ფილმის ჩვენება, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამო, შემოქმედებითი ვიქტორინები და სხვა ღონისძიებები“, - განაცხადეს სამინისტროში. 
აქციას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭომ ჩაუყარა და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“